„არა მგონია, პუტინს რაიმე, თუნდაც თეორიულად კარგი პერსპექტივა ჰქონდეს. მისი ჩანაცვლება რეჟიმის შიგნითვე საკმაოდ რეალისტურია და ეს საკმაოდ მალე შეიძლება მოხდეს. პუტინის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, რუსეთის პერსპექტივები ძალიან სახიფათოა. ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია სამხედრო რელსებზე გადასული ეკონომიკის ჩამოშლასთან,“ – ამბობს დიპლომატი გიორგი ბადრიძე. მას რუსეთზე ვესაუბრეთ: რამდენად ჩნდება რუსეთში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობა, განსაკუთრებით აშშ-ს ახალი სანქციების შემდეგ?
დიპლომატს ვკითხეთ რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის, სომხეთის არჩევნებზე, სადაც უკვე აშკარაა, რომ პუტინი პრორუსი კანდიდატის გაყვანას და ამით სომხეთის ევროპული პერსპექტივის გაქრობას ცდილობს.
„სომხეთში უფრო მეტად გაითვალისწინებენ საქართველოს გამოცდილებას, სადაც რუსეთმა ჯერ სამხედრო შემოჭრა სცადა, მაგრამ შემდეგ არჩევნების გზით უფრო წარმატებული აღმოჩნდა თავისი ხალხის ხელისუფლებაში მოყვანა.
ამ გამოცდილებას სომხეთი ითვალისწინებს და უფრო მედგრად დაუდგება რუსეთს – სომხები უფრო მობილიზებულები იქნებიან. არა მგონია, რომ რუსეთს ადვილი შესაძლებლობა ჰქონდეს ფაშინიანის და სომხეთის პროდასავლური კურსი დაამარცხოს მომავალ არჩევნებში,“ – მიიჩნევს გიორგი ბადრიძე.
რატომ აქვს ამ პროცესში ტრამპს ამჯერად ჩინეთის დახმარების იმედი? – „ბათუმელებმა“ დიპლომატთან, გიორგი ბადრიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
- ბატონო გიორგი, პირველ რიგში მინდა გკითხოთ სამხრეთ კავკასიაზე. როგორ აისახა რუსეთზე ბოლო მოვლენები სამხრეთ კავკასიაში? ფაშინიანი რამდენიმე დღის წინ ამბობდა: „საქართველოს ევროპული პერსპექტივა მნიშვნელოვანია სომხეთისთვისაც“. არსებობს შანსი, რომ რუსეთმა 2026 წლის არჩევნებზე ფაშინიანი დაამარცხოს?
ცხადია, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ფაშინიანის ხელისუფლება დაამხოს. ამისთვის პირველი ნაბიჯი გადაიდგა გიუმრიში, როდესაც პრორუსულმა ძალებმა – ნაციონალისტებმა და კომუნისტებმა – გაერთიანებული ძალებით მოიგეს მერის არჩევნები. ეს მერი უკვე დაპატიმრებულია კანონის დარღვევისთვის.
გამოჩნდა აშკარად, რომ სომხეთში უფრო მეტად გაითვალისწინებენ საქართველოს გამოცდილებას, სადაც რუსეთმა ჯერ სამხედრო შემოჭრა სცადა, მაგრამ შემდეგ არჩევნების გზით უფრო წარმატებული აღმოჩნდა თავისი ხალხის ხელისუფლებაში მოყვანა.
ამ გამოცდილებას სომხეთი ითვალისწინებს და უფრო მედგრად დაუდგება რუსეთს – სომხები უფრო მობილიზებულები იქნებიან. არა მგონია, რომ რუსეთს ადვილი შესაძლებლობა ჰქონდეს ფაშინიანის და სომხეთის პროდასავლური კურსი დაამარცხოს მომავალ არჩევნებში.

გიორგი ბადრიძე
სომხეთში ესმით, რომ მათი ევროპული გზა ძალიან მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული საქართველოსთან და მგონი, აქ არაფერი გასაკვირი არ არის. მართალია, დღეს სომხეთს უფრო მეტი არჩევანი აქვს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ – დღეს სრულიად ნათლად გამოჩნდა პერსპექტივა, არამარტო აზერბაიჯანთან სამშვიდობო, გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების დადების, არამედ აქედან გამომდინარეობს თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, რაც განაპირობებს წვდომას დასავლეთის ბაზრებზე.
თუ საუბარია სომხეთის ევროპულ გზაზე, ეს საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია. სომხეთის ერთადერთი შანსი, რომ ევროპულ ოჯახში გაწევრიანდეს, იქნება საქართველოს შემდეგ ან საქართველოსთან ერთად.
რუსეთის ინტერესია საქართველოში არსებული რეჟიმის შენარჩუნება, რომ ბოლომდე არ დაკარგოს კონტროლი მთელ სამხრეთ კავკასიაზე. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ნათლად აჩვენეს, რომ ისინი აღარ განიხილავენ რუსეთს, როგორც ორიენტირს.
- რუსეთს სომხეთში ისევ აქვს გიუმრის ბაზა. სამხედრო ინტერვენციის რესურსს შეიძლება განიხილავდეს რუსეთი?
გიუმრის ბაზა არ წარმოადგენს გადამწყვეტ ძალას, რომლის მეშვეობითაც შეიძლება სომხეთზე, მით უმეტეს, სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის შენარჩუნება, თუ პარალელურად ერევანში არ ზის პრორუსული ხელისუფლება.
გიუმრის ბაზას არ აქვს პირდაპირი კავშირი რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურასთან, ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე სამხედრო საშიშროებას არ წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა პერიოდში მთელი რეგიონი იყო ურთიერთდაკავშირებული სამხედრო ინფრასტრუქტურით, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ეს ბაზა მნიშვნელოვან, ანგარიშგასაწევ ძალას არ წარმოადგენს. შეიძლება, რა თქმა უნდა, მისი გამოყენება ფართო ინტერვენციის საბაბისთვის, მაგრამ დღეს რუსეთი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ახალი ფრონტი გახსნას.
გარდა ამისა, სომხეთი პირდაპირ არ ემეზობლება რუსეთს. ამიტომაც, გიუმრის ბაზის მომარაგება პრობლემაა. მეორე საკითხია, როგორ მოიქცევა ივანიშვილის ხელისუფლება – გაუხსნის თუ არა ის გზას რუსეთის ძალებს საქართველოს მეშვეობით გიუმრისთან დასაკავშირებლად, ან სომხეთთან დასაკავშირებლად. აი, სწორედ ეს იქნებოდა მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც საუბრობს „ოცნება“, თუმცა არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ამის რესურსი უახლოესი წლების განმავლობაში.
- რა იცვლება რუსეთში, განსაკუთრებით ტრამპის მიერ დაწესებული ბოლო სანქციების შემდეგ? რამდენიმე დღის წინ CNN-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ამბობდა: „რუსეთი, აშშ და უკრაინა რეალურად საკმაოდ ახლოს არიან დიპლომატიურ გადაწყვეტილებასთან.“
მიჩვეული ვართ სიცრუეს რუსეთის მხრიდან. აი, პირდაპირ საპირისპიროს აკეთებს რუსეთის ხელისუფლება იმისგან, რასაც ის აცხადებს, მათ შორის, უმაღლეს დონეზე. მაგალითად, წლების წინ იყო პრეზიდენტის განცხადება, რომ რუსეთი არასდროს არ განიხილავს ყირიმის წართმევას უკრაინისთვისო, მაგრამ ვიხილეთ 2014 წლის დასაწყისში რუსეთი გამოუცხადებელი ომით ჯერ ყირიმში, შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში.
შემდეგ ვისმენდით ლანძღვას, პროვოკატორია ყველა, ვინც ამბობს, რომ რუსეთი აპირებს, ან ოდესმე განიხილავს დანარჩენ უკრაინაზე თავდასხმასო და ვიხილეთ ფართომასშტაბიანი ომი. ეს არის რუსეთის ჩამოყალიბებული ქცევის მოდელი, როდესაც ისინი სრულიად მოურიდებლად, არათუ ნიუანსებში, არამედ რადიკალურად იტყუებიან და იმის საწინააღმდეგოს ამბობენ, რასაც აკეთებენ.
იგივე დმიტრიევს აქვს ნათქვამი ინტერვიუში, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ ტრამპის მიერ შემოღებული პირველი სერიოზული სანქციები თითქოს არანაირ გავლენას არ მოახდენს რუსეთზე. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ვერავინ დამდებს ბრალს ტრამპის ქომაგობაში, მაგრამ ეს არის პირველი ქმედითი ნაბიჯი, რომელიც მოქმედებს რუსეთის უნარზე, სტაბილურად აწარმოოს სამხედრო შეიარაღება და უზრუნველყოს საომარი კამპანია უკრაინაში. რუსული ენერგოგიგანტები – პირველ რიგში, „როსნეფტი“ – ყველაზე მეტად არიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც ყველაზე დიდი წილი შეაქვთ რუსეთის ბიუჯეტში.
ამას დავამატოთ უკრაინელების მიერ განხორციელებული ძალიან წარმატებული კამპანია ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების წინააღმდეგ. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს მოქმედებს მხოლოდ ბენზინის წარმოებაზე და ზღუდავს ვთქვათ, რუსეთის მოქალაქეების გადაადგილებას, მაგრამ ამან მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთში ბენზინის გაყიდვა ავტოგასამართ სადგურებზე, ზოგადად ბენზინის მოხმარებაზე.
ნავთობის გაყიდვა არის მეორე ყველაზე დიდი წყარო საბიუჯეტო შემოსავლებისა, რადგან 60-70%-მდეა ბენზინის ფასში ფედერალური და ადგილობრივი გადასახადები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგია რუსული ეკონომიკისთვის.
შესაბამისად, ეს სანქციები და უკრაინის კამპანია რუსეთის ენერგოობიექტებზე თავდასხმის კუთხით პირდაპირი დარტყმაა რუსეთის უნარზე, გააგრძელოს სამხედრო რელსებზე გადასული ეკონომიკის სტაბილურობა. უმრავლესობის წარმოდგენით რუსეთ-უკრაინის ომი იქნებოდა მოკლე კამპანია, რომელსაც რუსეთი მალე მოიგებდა.
მეორე მხრივ, გვესმოდა ზედმეტად ოპტიმისტური შეფასებები. მე არარეალისტური შეფასება არასდროს გამიკეთებია: ვამბობდი, რომ ეს იქნებოდა ხანგრძლივი, სისხლიანი კონფლიქტი. ჩემი წარმოდგენა ამ ომის დასასრულზე არის ასეთი, რომ დიახ, უკრაინას შეუძლია გამარჯვება, ოღონდ უკრაინის გამარჯვება იქნება არა ფრონტის ხაზის გარღვევა და კრემლის აღება, არამედ რუსეთის ჩაყენება იმგვარ მდგომარეობაში, როდესაც ის უბრალოდ ვეღარ შეძლებს თავისი საომარი მანქანის უზრუნველყოფას ეკონომიკური საშუალებებით.
- აქეთკენ მიდის რუსეთი?
ჩვენ ახლა ვხედავთ ნიშნებს, რომ ეს სცენარი შეიძლება სრულიად რეალისტური იყოს და ამას შეიძლება არ დასჭირდეს ათწლეულები, ძალიან დიდი დრო.
პირველ მსოფლიო ომში და ცივ ომშიც რუსეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი დამარცხდნენ სწორედ ეკონომიკურად, შიდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კოლაფსით, როდესაც უბრალოდ ჩამოიშალა მმართველი პოლიტიკური სისტემა და ამგვარად მოხდა მისი დამარცხება.
მთელი დღევანდელი, რუსული პროპაგანდა მიმართულია იმისკენ, რომ აი, თითქოს დასავლეთმა უღალატა რუსეთს და იმიტომ არის გაბრაზებული რუსეთი, თითქოს ამიტომ არ უნდა ნატოს გაფართოება და ასე შემდეგ. ესეც არის ტყუილი – მთელი 90-იანი წლების განმავლობაში რუსეთი სარგებლობდა ათასნაირი დახმარებით, პრივილეგიებით, როგორც პირდაპირი ფინანსური დახმარებით, ინვესტიციებით, ისე ყველაზე პრესტიჟულ, საერთაშორისო კლუბებში გაწევრიანებით, მაგალითად, დიდ შვიდეულში დაამატეს და ასე შემდეგ. ასე რომ, უნდა გაითვალისწინოს მომავალში დასავლეთმა, როდესაც მორიგ რუსულ კოლაფსს მიიღებს, რომ ძალიან ფრთხილად მოეპყრონ მას, ვინც მოიპოვებს ძალაუფლებას მოსკოვში.
არ არის რელევანტური ვარაუდი, რომ რუსეთი გარანტირებულად დასავლეთის მოკავშირე გახდება. არ უნდა დაეხმარონ ფინანსურად და პოლიტიკურად ძალებს, რომლებმაც შეიძლება ისევ ახალი, აგრესიული რუსეთი აღადგინონ.
- ამ კოლაფსის საფრთხეს ხედავენ ალბათ რუსეთშიც. განიხილება, ვთქვათ, პუტინის შემცვლელი, თუ არანაირი ცვლილების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს?
ყველაზე რეალისტური სცენარია პუტინის ტექნიკური ჩანაცვლება, ისე რომ არ შეიცვალოს პოლიტიკური სისტემა. უბრალოდ ერთი დიქტატორი ჩანაცვლდება სისტემის შიგნითვე მოძიებული მეორე პერსონით.
ცხადია, საჯაროდ არ საუბრობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სისტემის ხალხი ამაზე რუსეთში აქტიურად ფიქრობს. პუტინმა დიდწილად თავისი გადაწყვეტილებების მეშვეობით რუსეთი, როგორც სახელმწიფო, რუსული ეკონომიკა და რუსული ოლიგარქიის ინტერესები, მათ შორის, თავად პუტინის გარემოცვის ინტერესებიც, მნიშვნელოვნად დააზარალა.
მე რომ ვიყო რუსი ნაციონალისტი, სერიოზული პრეტენზიები მექნებოდა პუტინის მიმართ. რუსეთს ჰქონდა უზარმაზარი, ენერგომატარებლების გარანტირებული ბაზარი, ჰყავდა პარტნიორები მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით დასავლეთში, მდიდარი, ყველაზე განვითარებული ქვეყნები წარმოადგენდნენ რუსეთის პარტნიორებს და ამის გამო რუსეთს პატიობდნენ ისეთ პატარ-პატარა „ცელქობებს“ – ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არ იყო პატარა – როგორიც იყო, მაგალითად, 2008 წლის აგრესია, ან 2014 წლის ყირიმის მიტაცება და ასე შემდეგ.
ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა პუტინმა და რუსეთს დააკარგვინა გარანტირებული ბუნებრივი გაზის ბაზარი ევროპის სახით, რომელთანაც ის დაკავშირებული იყო მრავალი მილიარდი დოლარის ფასის მქონე მილსადენების ინფრასტრუქტურით. ახლა ეს ინფრასტრუქტურა პირდაპირ ჯართად იქცა და გახადა დამოკიდებული ჩინეთზე, რომელიც რაღაც დონემდე რუსეთს დღეს ეხმარება, რომ არ ჩამოიშალოს და არ დაეცეს, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიანაც კმაყოფილია იმით, რომ რუსეთი არის დასუსტებული და იყენებს რუსეთის ამ სისუსტეს.
ჩინეთის ინტერესი სულაც არ ემთხვევა რუსეთის ინტერესს. ჩინეთს კარგად ახსოვს, რამდენი ტერიტორია წაართვა რუსეთის იმპერიამ და უზარმაზარი ინტერესი აქვს რუსეთის ბუნებრივი რესურსებისადმი, რომელიც მის მეზობლად მდებარეობს.
- ტრამპს რა მოლოდინი აქვს ჩინეთისგან? აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, სანქციებს ექნება სერიოზული ძალა, მაგრამ მსურს, რომ ჩინეთიც დაგვეხმაროსო.
ტრამპსაც უამრავი არარეალისტური განცხადება აქვს გაკეთებული, მაგრამ ჩინეთისა და შეერთებული შტატების ინტერესები დაკავშირებულია ერთმანეთთან უზარმაზარი მოცულობის საერთო ვაჭრობით. ისინი, რა თქმა უნდა, დარჩებიან მეტოქეებად, უშუალო კონკურენტებად, ოღონდ არ არის აუცილებელი, რომ ეს კონკურენცია გადაითარგმნოს მტრობაში. ამ ზღვარზეა ეს ორი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში და თუ ტრამპის ადმინისტრაცია მიაღწევს რაღაც ურთიერთგაგებას სი ძინპინის ჩინეთთან, შეიძლება, კონფლიქტი იქნას აცილებული.
ჩემი აზრით, ჩინეთი ბოლომდე არ გაწირავს რუსეთს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთი არ აღმოჩნდეს გამარჯვებული ამ ომში – არ აწყობს ჩინეთს რუსეთის გამარჯვება. ჩინეთს აწყობს დასუსტებული რუსეთი, ოღონდ მისი ბოლომდე ჩამოშლა ჩინეთის ინტერესში არ არის. აი, ამაში, არ ვიცი რამდენად დაეთანხმება დასავლური სამყარო, განსხვავებულ პოზიციებზე შეიძლება აღმოჩნდნენ, მაგრამ იმდენად დიდია ჩინეთის ეკონომიკური ინტერესი, ისევე, როგორც შეერთებული შტატებისა, შეიძლება, საშუალო გზა იქნას მონახული.
- პუტინს რის იმედი აქვს ამ რეალობაში? მას არ ჰყავს არც ერთი ძლიერი მოკავშირე, ეკონომიკა კი, დღითიდღე სუსტდება…
არა მგონია, პუტინს რაიმე, თუნდაც თეორიული კარგი პერსპექტივა აქვს. ამიტომაც ვამბობ, რომ მისი ჩანაცვლება რეჟიმის შიგნითვე საკმაოდ რეალისტურია და ეს საკმაოდ მალე შეიძლება მოხდეს. პუტინის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, რუსეთის პერსპექტივები ძალიან სახიფათოა. ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია სამხედრო რელსებზე გადასული ეკონომიკის ჩამოშლასთან. დღეს უზარმაზარი დეფიციტი აქვს რუსულ ბიუჯეტს. ბოლო სანქციების შედეგად კი, საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი და ახალი დეფიციტური ფაქტორები გაჩნდა.
მნიშვნელოვანია აქვე კიდევ ერთი ფაქტორი: ინდოეთი რეალურად განახორციელებს თუ არა თავის განცხადებულ პირობას, რომ აღარ შეისყიდის რუსულ ნავთობს, ამის გარანტიას მე ვერ ვიძლევი, მაგრამ თუ ინდოეთმა ეს პირობა მართლაც შეასრულა, ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა რუსეთისთვის. ჩინური კომპანიებიც უკვე აქტიურად განიხილავენ რუსული ნავთობის შესყიდვის შემცირებას, ან მთლიანად მასზე უარის თქმას.
ეს იქნება პირდაპირ ეკონომიკური კატასტროფის ტოლფასი რუსეთისთვის.
- თქვენ ახსენეთ პუტინის ტექნიკურად შეცვლა. ამით რა იცვლება?
პუტინის ფაქტორი დღეს არის იმის წინაპირობა, რომ იგივე დმიტრიევის განცხადებისგან საპირისპიროდ, მას არათუ სამშვიდობო შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტაც არ შეუძლია. აი, ეს შეიძლება შეიცვალოს.
მაგრამ თუ პუტინს ჩაანაცვლებს ვიღაც სხვა, ყოფილი კაგებეშნიკი, სულ მცირე, შეიძლება ვნახოთ თანხმობა ცეცხლის შეწყვეტაზე.
იგივე ცეცხლის შეწყვეტა პირდაპირ ნიშნავს პირადად პუტინისკენ უზარმაზარი შიდა უკმაყოფილების მიმართვას. ვიდრე ომი მიმდინარეობს, პუტინს შეუძლია აჩვენოს ტელევიზიებიდან თავის მრევლს, რომ განაგრძობს წინსვლას.
ამით გარკვეული სტაბილურობის ელემენტი ნარჩუნდება. მაგალითად, არსებობს კონტრაქტების სისტემა, რომლის მიხედვითაც, 2 მილიონ თუ 2.5 მილიონ რუბლს უხდიან ფრონტის ხაზზე გაწვეულებს.
როგორც კი ეს სისტემა შეწყდება, ანუ საზარბაზნე ხორცად გაგზავნისთვის მოქალაქეების მოსყიდვა, საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება პირადად პუტინის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამას დაამატეთ ასიათასობით ფრონტიდან მობრუნებული ბანდიტი.
- თუ პოლიტიკური სიტუაცია არსებითად არ შეიცვლება და მხოლოდ პუტინს ჩაანაცვლებენ, რუსეთი ხომ ისევ იზოლაციაში დარჩება და ეკონომიკა ისევ განაგრძობს კლებას?
თეორიულად პუტინის ჩანაცვლების შემთხვევაში, ვინც თანხმობას განაცხადებს ცეცხლის შეწყვეტაზე, მისი მთავარი პირობა იქნება დასავლეთთან ეკონომიკური სანქციების მოხსნა, პირველ რიგში, სანქციების მოხსნა შეერთებული შტატების მხრიდან. ამან შეიძლება რუსეთის ეკონომიკური ვითარება ოდნავ მაინც შეამსუბუქოს, თუმცა, ზიანი, რომელიც პუტინმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკას, იმდენად სტრუქტურულია, რომ მარტო „როსნეფტისთვის“ ნებართვის აღდგენა ნავთობის გაყიდვაზე, ამ ვითარებას ბოლომდე ვეღარ იხსნის.
რუსების მომავალ თაობებს ექნებათ გადასახადი ის ზარალი, რომელიც პუტინმა მიაყენა თავის ქვეყანას.
ძალაუფლების მონოპოლიზაციის, დიქტატურის გარდა ამ უზარმაზარი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების ისტორიულად გამოცდილება არ არსებობს. რუსეთში სხვა მეთოდები უბრალოდ არ იციან. ცხადია, არსებობს დიდი ქვეყნები, სადაც რეგიონებს ძალიან ფართო ავტონომია გააჩნიათ და ამით ერთიანობას არ დამუქრებია რაიმე რისკი, მაგალითად, შეერთებულ შტატები, სადაც თითოეულ შტატს უზარმაზარი დონის, ნამდვილი სუვერენიტეტი აქვს იურიდიულად, ფიზიკურად. კანადაც უზარმაზარი ქვეყანაა, მაგრამ თითოეულ პროვინციას უზარმაზარი ავტონომია აქვს.
რუსეთს კი, არასდროს არ უარსებია ოდნავ მაინც დემოკრატიული სახით. ელცინის დროს იყო პატარა ექსპერიმენტი, მაგრამ 1993 წელსვე აღმოჩნდა, რომ ეს შეუძლებელია ძალის გარეშე: ელცინი ხან საკუთარი სახელმწიფოს დუმას ესროდა ტანკებს და ხან ჩეჩნეთთან ომს მართავდა.
ამიტომაც, არ მგონია, რადიკალურად განსხვავებული, ახალი ხელისუფლება ვიხილოთ რუსეთში, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ, ახალ საგარეო პოლიტიკას განახორციელებს. მთავარი ამოცანაა, რუსეთის მეზობლები აღარ შეეწირონ დასავლეთის მორიგ ილუზიას: შეიძლება რაღაც ახალი, მეგობრული რეჟიმი მოვიდეს მოსკოვში.
- საქართველო როგორ უნდა პოზიციონირებდეს ამ დროს, როგორც რუსეთის მეზობელი, როცა „ოცნების“ მთავრობა მუდმივად გვაშინებს – ომი გინდათო?
ის ადამიანები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებიც ამბობენ და ხაზს უსვამენ, რომ აი, რა გინდათ, ომი ხომ არ არის და ესაა მთავარიო, თუ მათი პოზიცია არის ის, რომ მთავარია ომის აცილება, არ უნდა აღმოჩნდეს ისე, რომ ნეიტრალიტეტის ნაცვლად ჩვენ მივიღოლთ რუსეთთან გადაჯაჭვული, რუსეთის მხარეს მდგომი ქვეყანა.
აშკარაა, რომ ივანიშვილის მხრიდან ფსონი დადებულია იმაზე, რომ რუსეთი იმარჯვებს უკრაინაშიც და საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ რუსეთი არ იმარჯვებს. ამის გამო საკმაოდ დიდი საფასურის გადახდა მოუწევთ ამ იდეის მხარდამჭერებს, როდესაც რუსეთის მარცხი სააშკარაოზე გამოვა, ისევე, როგორც გერმანიის მოკავშირეებს მოუწიათ ორივე ომის შემდეგ.