კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „ვაგნერის“ ძალებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

„ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ბევრია მსხვერპლი. თვითმხილველი მებრძოლების თქმით, დარტყმა უკნიდან იქნა მიტანილი, ანუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედროებმა მიიტანეს". - აცხადებს პრიგოჟინი.

ამასთან ვრცელდება აუდიო ჩანაწერიც, სადაც ვაგნერის დამფუძნებელი აცხადებს, რომ დღევანდელ დარტყმაზე პასუხისმგებლები დაისჯებიან და ვაგნერის დანაყოფები უკვე დაიძრნენ მათი დისლოკაციის წერტილებიდან.

პრიგოჟინის თქმით, შოიგუ ცოტა ხნის წინ როსტოვში იმყოფებოდა, საიდანაც კოორდინირებდა ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო დარტყმებს. ვაგნერის დამფუძნებელი ამბობს, რომ შოიგუ ცოტა ხნის წინ როსტოვიდან ლაჩრულად გაიქცა.

"ჩვენ 25 ათასი ვართ და ჩვენ მოვდივართ, რომ გავერკვეთ რატომ არის ქვეყანაში განუკითხაობა. 25 ათასი ადამიანი პასუხს ელოდება, როგორც ტაქტიკური რეზერვები, ხოლო სტრატეგიული რეზერვი მთელი არმია და მთელი ქვეყანაა. ვისაც გინდათ შემოგვიერთდით, ეს გაუგებრობა უნდა დავასრულოთ",- ამბობს ევგენი პრიგოჟინი. 

"ვაგნერის მეთაურთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება - ბოროტება, რომელიც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს უნდა შევაჩეროთ. მათ ფეხებზე ჰკიდიათ ჯარისკაცების სიცოცხლე, მათ დაავიწყდათ სიტყვა სამართლიანობა და ჩვენ ამ სიტყვას დავაბრუნებთ. ისინი ვინც დღეს ჩვენი ბიჭები გაანადგურეს, ისინი ვინც ბევრი ათეული რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე მოსპეს დაისჯებიან. ვთხოვ ყველას არ გაგვიწიოთ წინააღმდეგობა, ყველას ვინც შეეცდება გაგვიწიოს წინააღმდეგობა საფრთხედ ჩავთვლით და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ.  მათ შორის გავანადგურებთ ჩვენს გზაზე აღმოჩენილ ნებისმიერ ბლოგ-პოსტს, ჩვენ თავზე აღმოჩენილ ნებისმიერ ავიაციას. ვთხოვ ყველას შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ წამოეგონ პროვოკაციებს, დარჩნენ სახლებში და სასურველია ჩვენი მოძრაობის მარშრუტზე არ გამოვიდნენ ქუჩებში. მას შემდეგ რაც ჩვენ დავასრულებთ დაწყებულს დავბრუნდებით ფრონტზე სამშობლოს დასაცავად. პრეზიდენტის ძალაუფლება, მთავრობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. ჩვენ გავერკვევით მათთან, ვინც ანადგურებს რუს ჯარისკაცებს და დავბრუნდებით ფრონტზე. შეიარაღებულ ძალებში აღდგება სამართლიანობა და ამის შემდეგ სამართლიანობა აღდგება მთელი რუსეთისთვის",- ამბობს პრიგოჟინი. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავდასხმასთან დაკავშირებით პრიგოჟინის ბრალდებებს  უარყოფს.

"ევგენი პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა ინფორმაცია და ვიდეო კადრი "რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ვაგნერის უკანა ბანაკებზე დარტყმის შესახებ" არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს ინფორმაციულ მანიპულაციას". - ნათქვამია განცხადებაში.

23 ივნისს  დილით ევგენი პრიგოჟინის მორიგი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც მან ვრცლად ისაუბრა უკრაინასთან ომის მიზეზებზე და რუსეთის შეტევის პირველ დღეებზე. მან რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა რუსი ხალხის გენოციდში და ჯარისკაცების სიცოცხლის გაწირვაში დაადანაშაულა.