მედიაში „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის მორიგი ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ის ვრცლად საუბრობს უკრაინასთან ომის მიზეზებზე და რუსეთის შეტევის პირველ დღეებზე.

„კომერსანტი“ გთავაზობთ ევგენი პრიგოჟინის მნიშვნელოვან განცხადებებს.

- ზელენსკი პრეზიდენტი რომ გახდა, მზად იყო შეთანხმებებისთვის. საჭირო იყო მხოლოდ ოლიმპოსიდან ჩამოსვლა, წასვლა და მასთან მოლაპარაკება.

- უკრაინა დონბასს 8 წელი არ ბომბავდა, მხოლოდ რუსების პოზიციებისკენ ისროდა დროდადრო.

- ომი იმისთვის იყო საჭირო, რომ შოიგუს "გმირის ვარსკვლავი" მიეღო. ომი სჭირდებოდა ოლიგარქიულ კლანს, რომელიც მართავს რუსეთს. ომი სჭირდებოდათ იმისთვის, რომ მედვედჩუკის უკრაინის პრეზიდენტად დაეყენებინათ.

- 24 თებერვალს არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. თავდაცვის სამინისტრო ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, პრეზიდენტის მოტყუებას და ამბის მოყოლას, რომ უკრაინიდან იყო გიჟური აგრესია და მთელი ნატოს ბლოკით აპირებდნენ ჩვენზე თავდასხმას.

- დონბასი 2014 წლიდან იძარცვებოდა პუტინის ადმინისტრაციის, ეფესბეს და ოლიგარქების მიერ

- პირველ დღეს რუსეთის არმიამ ათასობით ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცი დაკარგა, რომლებიც ჰოსტომელთან ჩაყარეს.

- ჭურვებს არ აძლევენ ჯარს, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ჯარისკაცის სიცოცხლე გაცილებით იაფია, ვიდრე ჭურვები. მეორეც, მათ მიაჩნიათ, რომ მოსკოვის დასაცავად ჭურვები დასჭირდებათ და, შესაბამისად, მოსკოვის მახლობლად მდებარე ყველა საწყობი გადავსებულია ამ ჭურვებით ჯარში კი ჭურვების  სერიოზული შიმშილია. როდესაც უყურებთ თავდაცვის სამინისტროს ვიდეო-ფაბრიკაციას, ეს არის მხოლოდ თავის მოჩვენება, რათა ყველა დამშვიდდეს, მათ არ შეეხონ და არ გააკრიტიკონ.

- 60 ლეოპარდი არავის გაუნადგურებია. ეს სრული სისულელეა. უკრაინის შეიარაღებული ძალები აწვება რუსეთის ჯარს, ჩვენ სისხლში ვბანაობთ, რეზერვებს არავინ გვაძლევს, არ არის კონტროლი.