პოლონეთში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისთვის პირობები მკაცრდება.
პოლონური მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების პროგრამების მოქმედების ვადა გახანგრძლივდება, თუმცა ქვეყანაში ყოფნის პირობები გამკაცრდება.
ერთ-ერთი მთავარი ცვლილება შეეხება იმ ოჯახებს, რომლებიც არასრულწლოვანი შვილებისთვის განკუთვნილ შემწეობას იღებენ. ცვლილების მიხედვით, უკრაინელი ლტოლვილები ამ დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ მშობლები პოლონეთში არიან დასაქმებული და იხდიან გადასახადებს.
ამას გარდა, აუცილებელი იქნება, რომ არასრულწლოვანი პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხებოდეს. გამონაკლისი შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
ახალი წესების მიხედვით, პოლონეთში მყოფ უცხოელებს შეეზღუდებათ რიგ უფასო სამედიცინო მომსახურებებთან წვდომა და ისინი ვერ ისარგებლებენ სხვა შეღავათებით.
როგორც პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, „ეს ნაბიჯები ფაქტობრივად დაასრულებს პოლონელი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე უკრაინელების ტურიზმს“.
ამასთან, პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროგრამები 2026 წლის მარტამდე იქნება ძალაში და აღარ გახანგრძლივდება.
ცნობისთვის, პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის პროგრამების გარშემო დავა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქვეყნის პრეზიდნეტი, მემარჯვენე კონსერვატორი კაროლ ნავროცკი გახდა, რომელმაც აგვისტოს ბოლოს უკრაინელების დახმარების პროგრამების შესახებ კანონი დაბლოკა.
29 სექტემბერს ნავროცკი პოლონეთის სეიმსს წარუდგენს კიდევ ორ კანონპროექტს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს და ვარშავისა და კიევის ურთიერთობებს ეხება.
პირველი პროექტის მიხედვით, 2026 წლის მარტიდან, როდესაც უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროგრამები შეწყდება და მათ დროებითი განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი გაუუქმდებათ, ისინი შეძლებენ შეავსონ განაცხადი პოლონეთის მოქალაქეობის მისაღებად, ისევე როგორც ამას სხვა ქვეყნების მოქალაქეები აკეთებენ.
ამჟამად პოლონეთის პასპორტის მიღება იმ უცხოელებს შეუძლიათ, რომლებიც ქვეყანაში ორი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. კონსერვატორებს სურთ, ეს ვადა 10 წლამდე გაიზარდოს.
მეორე კანონი, რომელსაც ნავროცკი კანონმდებლებს წარუდგენს, ეხება იმ პირთა პასუხისმგებლობას, რომელთაც პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე „ბანდერიზმის“ გავრცელება სურთ. საუბარია პოლონეთის პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, სტეპან ბანდერას უკრაინელი ნაციონალისტებისა და მის სამხედრო ფრთის უკრაინის მეამბოხეთა არმიის სიმბოლიკა აიკრძალება.