ყველა სპორტულ ტურნირზე, რომელსაც ესა თუ ის ქვეყანა მასპინძლობს, მას ევალება, უკლებლივ ყველა სპორტსმენი მიიღოს, რომელიც დაშვებულია შესაბამისი ფედერაციის მიერ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან აღნიშნულით ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, „ჩემპიონატის ფარგლებში ჩამოსულ სპორტსმენებში არიან ჩეჩნეთიდანაც, იმისათვის, რომ საპროტესტო აქციაზე 4 ოქტომბერს გასული ახალგაზრდები დაარბიონ“.
„მართლა უნდა დასერიოზულდეთ [ჟურნალისტებს], რაღაცას უნდა დაემსგავსოთ, ასეთი არასერიოზული კითხვების დასმა უბრალოდ არ შეიძლება. რაც შეეხება სპორტულ ტურნირებს, ყველა სპორტულ ტურნირზე, როდესაც ესა თუ ის ქვეყანა მასპინძლობს, მას ევალება, უკლებლივ ყველა სპორტსმენი მიიღოს, რომელიც დაშვებულია შესაბამისი ფედერაციის მიერ. როცა საფრანგეთში ოლიმპიადა ჩატარდა, მასში ყველა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ სპორტსმენები, მათ შორის, რუსეთიდან. ჩვენ მაგალითად, ისეთი ქვეყნებიდან გვიწევს სპორტსმენების შემოშვება, რომლებიც არ გვაქვს აღიარებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტები ამას ითვალისწინებს. დანარჩენი, სერიოზული კითხვები დასვით, ასე არ შეიძლება“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, არიან თუ არა სპორტსმენები გადამოწმებული, კობახიძემ ჟურნალისტს დასერიოზულობისკენ მოუწოდა.
„დასერიოზულდით! არასერიოზულია თქვენს მიერ დასმული კითხვების შინაარსი, არ შეიძლება ასეთი მართლა არაადეკვატური კითხვები დაისვას, როცა ჟურნალისტი გქვიათ... დოპინგზე შემოწმებაზე თუა საუბარი, ეს არის შესაბამისი ფედერაციის საქმე. რაზე უნდა გადაამოწმო? ყველა მოწმდება ზოგადად უსაფრთხოების კუთხით, როცა საქართველოში შემოდის, მაგრამ რაზე მესაუბრებით საერთოდ? სადღაც ხართ... ძალიან არასერიოზულად გამოიყურებით და მითუმეტეს, 27 სექტემბერს ეს ძალიან ტრაგიკულად გამოიყურება. თქვენი სახე ძალიან ცუდად გამოიყურება 27 სექტემბერს“, - განაცხადა კობახიძემ.