„მიმდინარე წელს პოლონეთი შვეიცარიას გადაუსწრებს და მსოფლიოში მე-20 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდება“, - განაცხადა ორშაბათს, 8 ივლისს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გაზომილი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებლით, პოლონეთმა უკვე იაპონიასაც გადაუსწრო.

როგორც დერეგულირების საკითხებისადმი მიძღვნილ ვარშავაში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ტუსკმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება, შემდგომი წინსვლისთვის „შეუდარებლად დიდი და განსხვავებული ძალისხმევა“ იქნება საჭირო, რადგან გამოუყენებელ რეზერვებზე დაყრდნობის იმედი ქვეყანას აღარ უნდა ჰქონდეს.

ვარშავის საფონდო ბირჟაზე შეკრებილ საზოგადოებას მან ასევე უთხრა, რომ ინოვაციები, გონივრული ეკონომიკა და დერეგულირება, ანუ ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება „რევოლუციურ იდეებს“ უნდა გასცდეს და „ფუნდამენტური ცვლილების“ საწინდარი გახდეს.

„ყოველი პოლონური ოჯახის ცხოვრების ხარისხი აშკარად უფრო მაღალ დონეზე უნდა აიწიოს“, - აღნიშნა ტუსკმა კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაა: „დერეგულირება: ბარიერების მოხსნა, ცხოვრების გამარტივება“.

პოლონეთის პრემიერის მტკიცებით, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა: კვალიფიკაციის და უმაღლესი განათლების სტანდარტების ამაღლება, ინვესტიციების გაზრდა, აგრეთვე ბიზნესის ეფექტურობისა და ინოვაციების გაუმჯობესება.

წყარო: 1tv.ge