საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც კონკრეტულ საინვესტიციო და სავაჭრო მიმართულებებზე იმუშავებენ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა, გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა, ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადეს.
გენადი არველაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება საქართველოდან ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა. მისი თქმით, საუბარია ასევე ჩინურ ელექტრონულ პლატფორმებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობასა და სავაჭრო მისიების ორგანიზებაზე.
„შევთანხმდით გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, სადაც კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშავებთ. აღნიშნული შეეხება ვაჭრობის მიმართულების გაძლიერებას, საქართველოდან იმ მნიშვნელოვანი პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას ჩინეთის ბაზარზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ“, - განაცხადა არველაძემ.
მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფების შექმნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობას დააჩქარებს.
თავის მხრივ, ირაკლი ნადარეიშვილმა ვიზიტის ფარგლებში ენერგეტიკის, ავტოწარმოების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საქართველოში სხვადასხვა ჩინური კომპანიისა და სექტორის წარმომადგენლების ვიზიტებია დაგეგმილი, რათა კონკრეტულ პროექტებზე მუშაობა უკვე ადგილზე გაგრძელდეს.