იმის გამო, რომ რუსეთმა კვლავ განაახლა შავ ზღვაში უკრაინულ პორტებზე თავდასხმა და ასევე მათი ბლოკირება, საიდანაც კიევს მარცვლეული ექსპორტზე გააქვს, პოლონეთი და უნგრეთი იმუქრებიან, რომ უკრაინას დასავლეთისკენ დარჩენილ გზას გადაუკეტავენ. ამის შესახებ Politico წერს.

„პოლონეთი ცალმხრივ რეჟიმში დაბლოკავს უკრაინასთან ვაჭრობას, თუ ევროკომისია მარცვლეულის იმპორტზე დროებით შეზღუდვას მინიმუმ წლის ბოლომდე არ გაახანგრძლივებს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ვარშავაში, სადაც 5 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

მორავეცკის მხარი დაუჭირა უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. იშტვან ნადის თქმით, ის უნგრელი ფერმერების დასაცავად ყველა დასაშვებ ზომას გამოიყენებს.

ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანას - ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი სურს, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს. პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ ხუთმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საერთო დეკლარაციას აკრძალვის, სულ მცირე, წლის ბოლომდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ევროკომისიასთან მოლაპარაკებებში წარადგენენ.