კომპანია „ონეტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პოლონელების უმეტესობა ალკოჰოლიზმს სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს და თავის გარშემო იცნობს ისეთ ადამიანებს, ვინც ამ პრობლემამ დააზარალა.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტების 86.8% ალკოჰოლიზმს სერიოზულ სოციალურ პრობლემად მიიჩნევს, 64% კი იცნობს ისეთ პიროვნებებს, ვისაც ალკოჰოლის მოხმარების გამო, რეალური პრობლემები შეექმნა. თვითშეფასებით დასტურდება, რომ ალკოჰოლის მოხმარება, ძირითადად, ზომიერია, მაგრამ სოციალური წნეხი მაინც თვალშისაცემია: გამოკითხულების 74.1%-ს უნახავს, როგორ სვამენ ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ „მისგან ამას მოელიან“.
შეშფოთებას იწვევს სასმელის ხელმისაწვდომობის და მკურნალობის პრობლემები. დაახლოებით 61.9% ამბობს, რომ ალკოჰოლი ძალიან ადვილად ხელმისაწვდომია. რაც შეეხება ალკოჰოლიზმის მკურნალობას, 45.7% მას არასაკმარისად მიიჩნევს, 37.5%-ის აზრით კი ის ადეკვატურია.
პოლონეთში ფართო მხარდაჭერა არსებობს წესების გამკაცრების მიმართ: გამოკითხულთა 67.9% მხარს უჭერს ღამის საათებში გაყიდვების სრულ აკრძალვას, ხოლო 59.6% - კვირაში ერთი დღით გაყიდვების აკრძალვას. კითხვაზე, რა შედეგს მოიტანდა, თუ ალკოჰოლი ორჯერ მეტი ეღირებოდა, გამოკითხულთა 32.5% ამბობს, რომ ეს ჩვევებს არ შეცვლიდა, 27.6%-ს აზრით, ამ შემთხვევაში, ადამიანები ნაკლებს დალევდნენ, ხოლო 18.5% მიიჩნევს, რომ სმას თავს დაანებებდნენ.
აღნიშნული ონლაინ-გამოკითხვა 18-დან 80 წლამდე ასაკის 1 001 ზრდასრულ ადამიანს შორის 2025 წლის 26-28 სექტემბერს ჩატარდა.
წყარო: 1 არხი