ბრიტანელი მუსიკოსი და The Beatles-ის ყოფილი წევრი პოლ მაკარტნი მსოფლიოს უმდიდრეს მუსიკოსებს შორის მესამე ადგილზეა. გამოცემა Forbes-ის შეფასებით, 84 წლის მუსიკოსის ქონება 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. რეიტინგში მას მხოლოდ Jay-Z უსწრებს, რომლის ქონებაც 2.8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, და ტეილორ სვიფტი – 2 მილიარდი დოლარით.
Forbes-ის ცნობით, მაკარტნის ქონება მხოლოდ The Beatles-ის მუსიკით მიღებული შემოსავლით არ დაგროვილა. მის ფინანსურ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საგამომცემლო ბიზნესმა, საკონცერტო ტურნეებმა, უძრავმა ქონებამ და ხელოვნების ნიმუშების კოლექციამ, რომელშიც პაბლო პიკასოსა და რენე მაგრიტის ნამუშევრებიც შედის.
მუსიკოსის ერთ-ერთი მთავარი ბიზნესაქტივი კომპანია MPL Communications-ია, რომელიც მან 1969 წელს დააარსა. კომპანია მაკარტნის სოლო ნამუშევრების საავტორო უფლებებსა და სხვა შემსრულებლების მუსიკალურ კატალოგებს მართავს. მათ შორისაა ბადი ჰოლის სიმღერები, ბროდვეის მიუზიკლების მუსიკა და ცნობილი საშობაო კომპოზიციები. Forbes-ის შეფასებით, MPL-ის ღირებულება სულ მცირე 250 მილიონ დოლარს შეადგენს და კომპანიას ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარის შემოსავალი მოაქვს.
გამოცემის ინფორმაციით, მაკარტნი The Beatles-ის მუსიკალურ კატალოგზე ჯგუფის წილის გაზრდაზეც წლების განმავლობაში მუშაობდა. ჯგუფის Apple Corps-ის ჰოლდინგურ კომპანიას მუსიკის სტრიმინგიდან, ვინილის გაყიდვებიდან და ბრენდირებული პროდუქციის რეალიზაციიდან წელიწადში 50 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს. ამასთან, მაკარტნის საკუთარი სიმღერების საავტორო უფლებებიდან ყოველწლიურად, სულ მცირე, 10 მილიონი დოლარი ერიცხება.