Apple-მა შესაძლოა, მომდევნო წლებში iPhone-ის დიზაინი შეცვალოს და მომხმარებლებს შედარებით დაბალი, თუმცა უფრო ფართო ეკრანის მქონე მოდელი შესთავაზოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტექნოლოგიური გამოცემა MacRumors-ი ავრცელებს, რომელიც Weibo-ს მომხმარებლის, Instant Digital-ის ვარაუდს ეყრდნობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ფორმატის სმარტფონი სიგანით iPhone 18 Pro-ს მსგავსი იქნება, თუმცა ამჟამინდელი მოდელებისგან განსხვავებით, უფრო მოკლე ეკრანი ექნება. ეკრანის პროპორცია არსებული 19.5:9 ფორმატიდან დაახლოებით 18:9-მდე, ანუ 2:1-მდე შეიცვლება. ასეთი დიზაინი მოწყობილობას ერთი ხელით გამოყენებას უფრო კომფორტულს გახდის და მომხმარებელს ეკრანის ზედა ნაწილამდე მიწვდომას გაუადვილებს.
ვარაუდის მიხედვით, ცვლილება iOS-ის ინტერფეისის გადახედვასაც მოითხოვს. კერძოდ, აპლიკაციებში არსებული ზედა ნავიგაციის ზოლი შესაძლოა, სტატუსის ზოლს გაერთიანდეს, სადაც დრო და სისტემური ინდიკატორები განთავსდება. ამგვარად, ეკრანის სიმაღლის შემცირების მიუხედავად, მომხმარებელი თითქმის იმავე მოცულობის ინფორმაციას დაინახავს.
ასეთი დიზაინის განხორციელება შესაძლოა, წინა კამერის მოდულის შემცირებამ ან ეკრანის ქვეშ მისმა სრულად განთავსებამ გახადოს შესაძლებელი. ამ ეტაპზე უცნობია, როდის შეძლებს Apple ამ ტექნოლოგიის დანერგვას. ამასთან, Instant Digital ხაზს უსვამს, რომ საუბარია პირად ვარაუდზე და არა დადასტურებულ ინფორმაციაზე კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ.
შესაბამისად, ახალი ფორმატის iPhone-ის გამოშვება ჯერ მხოლოდ შესაძლო სცენარია და მისი რეალიზების ვადები ან ტექნიკური მახასიათებლები დადასტურებული არ არის.