თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირის საახალწლო განათებებისთვის 2 499 885 ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, თანხით უნდა შეიძინონ 900 ცალი 2D ფიგურა, 1 450 ცალი მანათობელი თოკი, 72 000 მეტრი განათების თოკი და 95 კვების ბლოკი.

„თბილსერვის ჯგუფში“ განმარტავენ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისა და ახალი განათების ბოძებისა და სანათების მონტაჟის გამო საახალწლო გაფორმების კონცეფციის შეცვლა გახდა საჭირო. მათივე ცნობით, განახლებული სივრცისთვის შესაბამისი ილუმინაციების შეძენა და მონტაჟი 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელების მიზეზად დროის სიმცირე სახელდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ გამზირის რეაბილიტაციის დასრულება ნოემბრის ბოლოს იგეგმება, რის გამოც საახალწლო მორთვისთვის საჭირო კონსტრუქციების შესყიდვა წინასწარ ვერ დაიგეგმა.

შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები 14 დღეში უნდა შეასრულოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 499 885 ლარია.