რუსეთს აქვს საკუთარი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია, როგორი უნდა იყოს ევრაზიაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, ისე, რომ არცერთი ქვეყნის ინტერესები არ შეილახოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში, კოლექტიური უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.

ლავროვის თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგს გააგრძელებს. მისი განმარტებით, მიზანი ინტერესთა სამართლიანი ბალანსის მიღწევა უნდა იყოს, რომლის პირობებშიც არცერთი მხარის უსაფრთხოება არ იქნება უგულებელყოფილი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევრაზიაში უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბების პროცესში უკვე არსებული რეგიონული ორგანიზაციებიც უნდა ჩაერთონ. მათ შორის ლავროვმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ), დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია დაასახელა. მისი თქმით, მოსკოვი არსებული სტრუქტურების საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებას კი არ ცდილობს, არამედ მათ შორის ერთიანი უსაფრთხოების სისტემის შექმნას ემხრობა.

ლავროვის განცხადებით, ევრაზიის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ტერორიზმთან ბრძოლასა და თანამედროვე გამოწვევებზე რეაგირებასაც უნდა ითვალისწინებდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ აბუ-დაბიში რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრაზე უკრაინის კონფლიქტის დასრულების შემდეგ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და შესაბამისი გარანტიები განიხილება.