ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობით, იმ ქმედებებით, რომლებსაც „ქართული ოცნება“ მიმართავს დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„თქვენ იხილეთ, რომ ჩვენ ამ პარასკევს დავაწესეთ ახალი სავიზო შეზღუდვები მთავრობასთან დაკავშირებული 20 პირისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე და ჩვენ გვექნება სხვა ზომები, რომელთა მისაღებად ვემზადებით უახლოეს კვირებში“, – განაცხადა მილერმა.
ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ მილერს მიმართა, რომ მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო სავიზო შეზღუდვების ორი პაკეტი, თუმცა ამან არ იმუშავა.
„როგორც მკაფიოდ განვაცხადეთ, ჩვენ გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა დასაწესებლადაც ვემზადებით უახლოეს კვირებში“, – დასძინა მილერმა.
ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ მილერს განუცხადა: „კაპიტოლიუმიდან ისმის კრიტიკა, რომ თქვენ ახორციელებთ ქუჩაში მყოფი დემონსტრანტების დემორალიზებას“. მილერმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სანქციების დამატებითი პაკეტის მომზადება, თუმცა საჭიროა იმაში დარწმუნება, რომ ეს სანქციები კანონის დაცვით წესდება.
„ჩვენ ამაზე მკაფიო ვერ ვიქნებით, სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებისა და ჩემი პარასკევის განცხადების ჩათვლით, რომ ჩვენ ვამზადებთ სანქციების დამატებით პაკეტს, რომელსაც უახლოეს კვირებში დავაწესებთ. ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ერთ კვირაში შეგიძლია. უნდა დარწმუნდე, რომ ამ სანქციებს კანონის დაცვით აწესებ და ეს არის ის, რაზეც ვმუშაობთ მაშინაც, როდესაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ“, – განაცხადა მილერმა.