1-ლი ოქტომბრიდან რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი, წინა ოთხი თვის მსგავსად, კვლავ ნულოვანი იქნება. ინფორმაციას ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, შროტის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 5,9%-ით, ანუ 7,9 ათასიდან 7,5 ათას რუბლამდე (82-დან 77,5 დოლარამდე) შემცირდება.

მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადის გამოსათვლელ საორიენტაციო ფასად ტონაზე 822,6 დოლარი, ხოლო შროტზე 276 დოლარი განისაზღვრა.

გასული თვის ბოლოს რუსეთის მთავრობამ მზესუმზირის, ზეთისა და შროტის ექსპორტზე გადასახადის ვადა კიდევ ერთი წლით, 2024 წლის 31 აგვისტომდე გაახანგრძლივა.

პროფილური ანალიტიკური სააგენტო OleoScope-ის მონაცემებით, წლევანდელ აგვისტოში უცხოურ ბაზრებს, დაახლოებით, 220 ათასი ტონა რუსული ზეთი მიეწოდა, რაც, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, ორჯერ მეტია. სააგენტო ამ ზრდას ძირითადი იმპორტიორების, ინდოეთის, ჩინეთისა და თურქეთის გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებს.

2022/23 წლიურ სეზონზე მზესუმზირის ზეთის ექსპორტის საშუალო თვიურმა მოცულობამ, დაახლოებით, 320 ათასი ტონა შეადგინა. თუმცა ზოგიერთ მიმართულებაზე, მაგალითად, თურქეთში ზეთზე ფასები დაბალი რჩება, რაც რუს შიდა გადამამუშავებლებს პრობლემებს უქმნის. ამის საპირისპიროდ, ინდოეთში ტონა ზეთზე ფასი სტაბილურად 800 დოლარზე მეტია.

Bpn.ge