უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს 200 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის აქტივები გაუყინა. ინფორმაციას Bloomberg აქვეყნებს.
რუსული აქტივების დაბლოკვის შესახებ საუბარია სანქციების მე-10 პაკეტშიც, რამაც აიძულა ბანკები გაესაჯაროებინათ ინფორმაცია გაყინული თანხების შესახებ.
„ევროკავშირი მზად არის უზრუნველყოს, რომ რუსეთმა გადაიხადოს უკრაინაში მიყენებული ზიანი, ამიტომ იკვლევს გზებს, რათა გამოიყენოს რუსული გაყინული და მობილიზებული აქტივები ამ მიზნით“, - თქვა ევროკომისიის სპიკერმა კრისტიან ვიგანდმა, რომელმაც ასევე დაადასტურა აღნიშნული რიცხვები.
ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა ასევე გაყინა ჯამში 24.1 მილიარდი ევროს ოდენობის კერძო რუსული აქტივები, რომლებიც სანქცირებულ პირებსა თუ კომპანიებს ეკუთვნოდა.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროკავშირმა 1 500-მდე ადამიანს დაუწესა სანქციები, რუსეთთან მრავალი პროდუქტითა და ტექნოლოგიებით ვაჭრობაზე უარი თქვა და მოსკოვისთვის მთავარი შემოსავლების წყაროები შეზღუდა.