ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა გაჩნდება, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის შესაბამისი „ხელშეკრულება“ უკვე გაფორმებულია. ამის შესახებ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.
„ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენთან მოვიდა პატარა სარაკეტო ხომალდი, ჩვენ მასზე ავედით . ეს არის ძალიან თანამედროვე გემი სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება ოჩამჩირის რაიონში“, - განაცხადა ბჟანიამ.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთი აგრძელებს მხარდაჭერას და აძლევს შესაძლებლობას აფხაზ სპეციალისტებს კვალიფიკაცია აიმაღლონ რუსეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
„მოსკოვისა და სოხუმის ურთიერთქმედება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კუთხით მიმართულია როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის დონის ასამაღლებლად“, - განაცხადა ბჟანიამ.