"ნოტრ დამის აღდგენით ჩვენ ხელახლა აღმოვაჩინეთ, რა შეუძლიათ დიდ ერებს – შეუძლებლის მიღწევა,' – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზის ღვთისმშობლის საკათაედრო ტაძრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ხელახლა აღმოვაჩინეთ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ დიდ ერებს – შეუძლებლის მიღწევა. ამგვარად, ეს ტაძარი გახდა ბედნიერი მეტაფორა იმისა, თუ რა არის ერი და როგორი უნდა იყოს მსოფლიო. ადამიანების თანამეგობრობა, რომლებსაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი დიდი არჩევანის გაკეთება; უნივერსალური ერთობა და ურთიერთდახმარება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ნოტრ დამის გახსნის საზეიმო ცერემონიას მსოფლიო ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირე, მილიარდერი ილონ მასკი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, იტალიის პრეზიდენტი სერჯიო მატარელა, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, გაერთიანებული სამეფოს პრინცი უილიამი, აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი და სხვები.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რელიგიური ლიდერები და მსხვილი დონორები, რომლებმაც აღდგენითი სამუშაოებისთვის შემოწირულობა გაიღეს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2019 წლის 15 აპრილს ხანძრის შედეგად დაზიანდა. კერძოდ, ცეცხლმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შენობის სახურავს და შპილს. ტაძრის რესტავრაციაზე ასობით სპეციალისტი ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა – დაწყებული დურგლებითა და ქვის მთლელებით, დამთავრებული ვიტრაჟების მხატვრებით. დღეს ნოტრ-დამში პირველი საკვირაო მესა ჩატარდება.
წყარო: 1არხი