სპორტული ფეხსაცმლის ბრენდ Converse-ის შემოსავალი, რომელიც Nike-ს ეკუთვნის, 2026 წლის პირველ ფისკალურ კვარტალში წლიურად 28%-ით შემცირდა და 263 მლნ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 366 მლნ დოლარი იყო.
როგორც გამოცემა Fortune წერს, Converse-ის გაყიდვების ხანგრძლივი ვარდნა აჩენს კითხვებს, შეინარჩუნებს თუ არა Nike ბრენდს საკუთარ პორტფელში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ინოვაციების ნაკლებობა და კლასიკურ Chuck Taylor-ის მოდელზე ზედმეტი დამოკიდებულებაა. ამასთან, კონკურენტი ბრენდები უკეთ ერგებიან მომხმარებელთა ცვალებად გემოვნებას.
BNP Paribas-ის ანალიტიკოსის, ლორან ვასილევსკის შეფასებით, ბრენდზე მოთხოვნის 44%-იანი შემცირება უპრეცედენტოა.
Converse-ის გაყიდვების ვარდნა Nike-ის ბიზნესზეც აისახება: ბრენდზე კომპანიის საერთო გაყიდვების მხოლოდ 2.5% მოდის, თუმცა ბოლო კვარტალში მას Nike-ის შემოსავლის შემცირების დაახლოებით მეხუთედი უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები Converse-ის შესაძლო გაყიდვას განიხილავენ, Nike აცხადებს, რომ ბრენდი მისი პორტფელისთვის კვლავ მნიშვნელოვანია და მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს.