ნავთობის საერთაშორისო ფასები სამშაბათს იკლებს, წინა სავაჭრო სესიაზე კი ზრდა დაფიქსირდა.

ICE Futures-ის ბირჟაზე, თბილისის დროით 11:10 საათის მდგომარეობით, Brent-ის დეკემბრის ფიუჩერსები 1.28%-ით, 1.37 დოლარით შემცირდა და ბარელზე 105.28 დოლარი შეადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, Brent-ის ფასი 1.84%-ით, 1.93 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 106.65 დოლარს მიაღწია.

ამავე დროისთვის, NYMEX-ის ბირჟაზე WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსები 1.44%-ით, 1.35 დოლარით გაიაფდა და ბარელზე 92.39 დოლარი შეადგინა. წინა სავაჭრო სესიაზე WTI-ის ფასი 2.06%-ით, 1.89 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 93.74 დოლარს მიაღწია.

წინა დღეს ნავთობის ფასების ზრდა საუდის არაბეთზე განხორციელებულმა მასშტაბურმა თავდასხმებმა განაპირობა. სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და რეგიონში საზღვაო გადაზიდვების მარშრუტების მოწყვლადობასთან დაკავშირებული რისკები ნავთობის ფასებზე კვლავ ზეწოლას ახდენს ზრდის მიმართულებით.