„ძალიან უხეში იქნება“: ნატო ტრამპის დაბრუნებისთვის ემზადება

ნატო-ში აშშ-ს ევროპელმა მოკავშირეებმა ოთხშაბათს სცადეს, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას ვაჟკაცური იერით შეხვედროდნენ და ამას აკეთებდნენ იმ შიშის ფონზე, რომ არაპროგნოზირებადმა რესპუბლიკელმა შეიძლება ევროპის უსაფრთხოება შეარყიოს და უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს. ტრამპი ხელისუფლებაში დრამატულად მას შემდეგ დაბრუნდა, რაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისი დაამარცხა. ნატო-ს ხელმძღვანელმა, მარკ რიუტემ, რომელიც ამ პოსტზე, სხვა მიზეზებთან ერთად, ტრამპთან კარგი ურთიერთობის გამო აირჩიეს, გამარჯვების მილოცვა იჩქარა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. „მისი (ტრამპის) ლიდერობა ჩვენი ალიანსის სიმტკიცის შენარჩუნების გასაღები იქნება. მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობას, რათა ხელი შევუწყო მშვიდობას, ნატო-ს ძალის მეშვეობით“, - განაცხადა რიუტემ.

თუმცა, ამ გარეგნული სიმშვიდის უკან იკითხება ღრმა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ რას გააკეთებს ტრამპი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იმ პირობებში, როდესაც აგრესიული რუსეთი უკრაინას უშუალოდ ნატო-ს საზღვრებთან ებრძვის. მითუმეტეს, ტრამპმა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ძალიან აღაშფოთა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, როდესაც განაცხადა, რომ წაახალისებს მოსკოვს „გააკეთოს ის, რაც სურს“ იმ ქვეყნებთან, რომლებიც თავდაცვის საჭიროებებზე საკმარის ფულს არ ხარჯავენ. ნატო-ს მაღალი რანგის დიპლომატები, რომლებიც ამ დელიკატურ საკითხებზე „ფრანს პრესთან“ ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ, შეეცადნენ, მეორე ვადით მისი დაბრუნება დადებითად შეეფასებინათ და განაცხადეს, რომ ამან შეიძლება აიძულოს ევროპა, რომ საკუთარი თავის დაცვას უფრო მეტი სერიოზულობით მიუდგეს. „რატომ უნდა შევაშინოთ ტრამპი ახლა? ის ძალიან უხეში იქნება, მაგრამ ამ ყველაფრის განხორციელებაში მაინც დიდ ენერგიას ჩადებს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ანინიმურმა დიპლომატმა.

ხელისუფლებაში ტრამპის ყოფნის პირველი ვადა ნატო-სთვის „ამერიკული მთების“ მსგავსი იყო: ბულდოზერი-პრეზიდენტი, თავდაცვის დაბალი ხარჯების გამო, ევროპელ მოკავშირეებს თავს დაესხა (მაგალითად, გერმანიას) და ალიანსიდან ვაშინგტონის გასვლითაც კი დაიმუქრა. თუმცა, მაშინ ალიანსი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ უფრო გაძლიერდა, რადგან ტრამპის მხრიდან ზეწოლის უცერემონიო სტილმა ევროპა აიძულა, მეტი მეტი თანხა დაეხარჯა. „მისი პირველი ვადის განმავლობაში, ჩვენი სამუშაო ურთიერთობები ფოკუსირებული იყო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაზე და მომავალთან ნატო-ს ადაპტირებაზე. მზარდი არასტაბილურობის სამყაროში აშშ-ს ძლიერი ლიდერობა უაღრესად მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება“, - დაწერა ნატოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა „X“ პლატფორმაზე.

„განსხვავებული სამყარო“

ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა საკითხების ანალიტიკოსი, კამილ გრანდი ამბობს, რომ არსებობს „ორი თეორია“ იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადა ნატო-სთვის. „ერთი მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე იყო - უსიამოვნო, მაგრამ არა კატასტროფული. მეორე ვარიანტის მიხედვით კი, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სხვა სამყაროში ტრამპის ახალ გარემოცვასთან ერთად, რომელიც, მართალია, იზიარებს მის ეჭვებს ალიანსთან დაკავშირებით, მაგრამ მხარს უჭერს უკრაინას; მითუმეტეს, ტრამპის პირველი მანდატის დროს, ევროპაში ომი არ ყოფილა“, - განაცხადა მან. ნატო-ს ლიდერები, ტრამპის ყურადღების მიპყრობის მიზნით, არაერთხელ შეეცადნენ, მისი დამსახურებებისთვის მიეწერათ ის ფაქტი, რომ მოკავშირეები თავდაცვაზე დღეს უფრო მეტს ხარჯავენ.

მას შემდეგ, რაც 2022 წელს მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა, ნატო-ს 32 წევრიდან 23 თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს თავდაცვაზე ხარჯავს. თუმცა, ათი წლის წინ სამი პროცენტის ხარჯვა იყო მიზნად დასახული. ახლა არსებობს განცდა, რომ ევროპას კიდევ უფრო მეტის გაკეთება მოუწევს. „მოველით სერიოზულ იმპულსს, რომ საბოლოოდ დავიწყოთ ევროპაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სერიოზულად აღქმა, ამასთან ჩავდოთ გაცილებით მეტი ინვესტიცია ამ სფეროში“, - აღნიშნა ნატო-ს მაღალჩინოსანმა დიპლომატმა. მისი აზრით, ტრამპისგან მოსალოდნელია ახალი განცხადებები, რომლითაც ეჭვქვეშ დადგება ვაშინგტონის ერთგულებას ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის დებულებების მიმართ, რაც, თავის მხრივ, „შეარყევს უსაფრთხოებას“ და შეიძლება რუსეთი და ჩინეთი გააძლიეროს.

უკრაინისთვის, რომელსაც სულ უფრო უჭირს ბრძოლის ველზე კრემლის ძალების შეკავება, სურათი პირქუშად გამოიყურება. ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა კიევისთვის შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობა და პირობა დადო, რომ სწრაფად შეთანხმდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებაზე. „თუ ტრამპი რუსეთთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, ეს იქნება ძალიან ტრანზაქციული ქმედება და არა ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული ნაბიჯი. ამან უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის შეიძლება დამღუპველი შედეგი გამოიწვიოს“, - მიიჩნევს დიპლომატი. სხვა ანონიმური ოფიციალურიც პირებიც აღიარებენ, რომ უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია და აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლამ შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დიდ კომპრომისებზე წასვლა აიძულოს.

და თუ პუტინი ძალიან ბევრს მოითხოვს, მას შეიძლება შეექმნას მდგომარეობა, როდესაც თავისი კაპრიზებით ცნობილი ტრამპი არაფრის დამთმობი არ აღმოჩნდეს და თუ კრემლი უკან არ დაიხევს, კიევს დიდი მხარდაჭერა გაუწიოს. „რუსები ყოველთვის გაბერილ მოთხოვნებს აყენებენ. თუ ისინი ზედმეტად გააღიზიანებენ ტრამპს, სანაცვლოდ მიიღებენ იმას, რასაც არ მოელიან“, - ამბობს ნატო-ს მარალი რანგის დიპლომატი.

წყარო: 1 არხი