ნატო ახალ დოკუმენტებში გენდერსა და კლიმატთან დაკავშირებულ ტერმინებს აღარ გამოიყენებს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

გამოცემა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის შემდეგ უკვე ნატო-ც აპირებს, უარი თქვას გენდერულ მრავალფეროვნებასთან და კლიმატთან დაკავშირებული ტერმინების გამოყენებაზე.

გამოცემის ცნობით, ფრაზები, რომლებიც ეხება ქალებს, კლიმატს და უსაფრთხოებას აშშ-ის ადმინისტრაციისთვის უფრო მისაღები ტერმინოლოგიით იქნება შეცვლილი.

მაგალითისთვის, ნატო-ს დოკუმენტებში „მწვანე ტექნოლოგიები“ ჩანაცვლდება ფრაზით „ინოვაციური ტექნოლოგიები“, ხოლო „კლიმატის“ ნაცვლად იქნება გამოყენებული – „ოპერაციული გარემო“.

ამასთან, ტერმინი „გენდერი“ დოკუმენტებიდან საერთოდ ამოიღეს, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი უთანხმოება აშშ-ის ხელისუფლებასთან.

ცნობისთვის, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს ებრძოლოს „რადიკალურ მემარცხენე იდეოლოგიას“, მათ შორის გაუქმდა სახელმწიფო უწყებებში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის უზრუნველყოფისკენ მიმართული პოლიტიკა.

წყარო: 1არხი