მერკურის ზედაპირზე არსებული “ნაოჭები“ მიანიშნებს, რომ ის წარსულში უფრო დიდი ზომის იყო და დროთა განმავლობაში შეიკუმშა. ახალი კვლევის თანახმად, ეს პროცესი შესაძლოა იმაზე მასშტაბური იყოს, ვიდრე მეცნიერები აქამდე ვარაუდობდნენ.
ჩვენი მზის სისტემის ყველაზე პატარა პლანეტა მზიდან საშუალოდ 58 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და მას გარშემო წრის შემოვლას 88 დღე ანდომებს.
ეს კლდოვანი სამყარო დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ, გაზისა და მტვრისგან წარმოიქმნა. მზის სისტემის ადრეული ხანა ქაოსური იყო, კოსმოსური სხეულების უწყვეტი შეჯახებები უზარმაზარ სითბოს გამოყოფდა. დროთა განმავლობაში, როდესაც პლანეტამ გაგრილება დაიწყო, მისი შიდა ფენები შეიკუმშა.
ამ შეკუმშვის შედეგად მერკურის ზედაპირზე გიგანტური “ნაფეხურები“, ქედები და ფლატეები გაჩნდა, რომელთა სიმაღლე დაახლოებით 1.6 კილომეტრს, ხოლო სიგრძე ასობით კილომეტრს აღწევს.
ასტეროიდებისა და კომეტების საუკუნოვანმა ბომბარდირებამ მერკური კრატერებით დაფარა. ჟურნალ “Geophysical Research Letters“ -ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამ დაჯახებებისგან წარმოქმნილმა ნამსხვრევებმა შესაძლოა მეცნიერთა თვალისგან შეკუმშვის რეალური მასშტაბები დაფარა.
გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის (DLR) კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერმა, გაკუ ნიშიამამ და მისმა გუნდმა NASA-ს ზონდ MESSENGER-ის მონაცემები გამოიყენეს. მათ აღმოაჩინეს, რომ პლანეტის შედარებით უსწორმასწორო რეგიონებში “ნაოჭები“ უფრო იშვიათად გვხვდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნამსხვრევებმა პლანეტის ზომაში შემცირების კვალი უბრალოდ შენიღბა.
გამოთვლების თანახმად, მერკური შესაძლოა 10%-იდან 30%-მდე უფრო მეტად იყოს შეკუმშული, ვიდრე აქამდე ეგონათ. ამასთან პლანეტის რადიუსი შესაძლოა 11.6 კილომეტრით შემცირდა (წინა კვლევები 1-იდან 7 კილომეტრამდე მაჩვენებელს ვარაუდობდა).
-
მზესთან სიახლოვის გამო მერკურის გამოკვლევა ექსტრემალურად რთულია. წარსულში პლანეტას მხოლოდ ორმა მისიამ, Mariner 10-მა (1974 წელს) და MESSENGER-მა (2011 წელს). მიაღწია.
ამჟამად მერკურს ევროპული და იაპონური კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი მისია BepiColombo უახლოვდება. 8-წლიანი მოგზაურობის შემდეგ, ის მზის უახლოესი პლანეტის ორბიტაზე ორ აპარატს განათავსებს.
BepiColombo პირველად განახორციელებს მერკურის ტოპოგრაფიის გლობალურ და სრულყოფილ გაზომვას, მათ შორის სამხრეთ ნახევარსფეროზეც, რაც MESSENGER-ს არ გაუკეთებია. მისია შეისწავლის გრავიტაციულ ანომალიებს, ქერქის სისქეს, მინერალურ შემადგენლობას და საბოლოოდ გასცემს პასუხს კითხვას, თუ რამდენად შემცირდა ზომაში მზის სისტემის ყველაზე პატარა პლანეტა.