"ყველას გვესმის, რომ მშვიდობა როდესაც დამყარდება, ევროპას კვლავ ექნება ძალიან გრძელი საზღვარი რუსეთთან და ჩვენ უნდა აღვადგინოთ ურთიერთობა რუსეთთან", – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენა უნდა მოხდეს სახელმწიფოებს შორის სუვერენული თანასწორობის საფუძველზე და ურთიერთპატივისცემის, ევროპული პროექტისადმი პატივისცემის საფუძველზე, რაც დემოკრატიის, პლურალიზმის, ტოლერანტობისა და მშვიდობის პროექტს წარმოადგენს.

ხოსე მანუელ ალბარესის განცხადებით, ეს ჩარჩო ძალიან ნათელია ბრიუსელში, ისევე როგორც მადრიდში. ხოსე მანუელ ალბარესის თქმით, ევროპელები მხარს უჭერენ სამართლიან სამშვიდობო გეგმას უკრაინაში, მაგრამ უკრაინის შესახებ არაფრის გადაწყვეტა არ შეიძლება უკრაინის მონაწილეობის გარეშე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა პარადიგმის ცვლის მომენტი თეთრ სახლში განხორციელებული ცვლილების გამო, ალბარესმა უპასუხა, რომ ახლა არის დრო, რომელიც ძალიან ჰგავს ბერლინის კედლის დაცემის დროს.

„ჩვენ პარადიგმის ცვლის წინაშე არ ვართ, მაგრამ იმ მომენტში ვართ, რომელშიც უნდა გადავწყვიტოთ, სად მივდივართ უახლოეს ათწლეულებში. ამ დრომდე, უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიამდე, ჩვენ უკეთესად ან უარესად ვცხოვრობდით იმით, რასაც დიპლომატიურ ჟარგონზე მსოფლიო წესრიგს ვუწოდებთ, რომელიც ბერლინის კედლის დაცემით დაიწყო. ეს ახლა ამოწურულია იმის გამო, რომ არსებობს ძალები, რომლებსაც ჩვენ მზარდს ვუწოდებთ, მაგრამ დიდი ხანია, მზარდია და ლეგიტიმურად სურთ თავიანთი ადგილი მაგიდასთან მათ, რომელთაც ზოგჯერ ჩვენგან განსხვავებული ხედვები აქვთ, ზოგჯერ საპირისპირო, რადგან არსებობენ სხვა მოთამაშეები, არსებობს ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც გარდაქმნიან ჩვენს კომუნიკაციას, მედიის მუშაობას და ეკონომიკის ფუნქციონირების გზას. ამიტომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვიქნებით ამ ცვლილებების მონაწილეები თუ უბრალოდ ვიქნებით მაყურებლები.

ესპანეთმა გადაწყვიტა, იყოს მოთამაშე და ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომელიც თანმიმდევრულია და აქვს საკუთარი იდენტობა, მონაწილეობს და გავლენას ახდენს ყველა სცენარზე. ასე რომ, არ არსებობს პარადიგმების ცვლა, მაგრამ არსებობს გეგმა და ჩვენ უნდა ვიყოთ მოთამაშეები, ჩვენ უნდა ვიყოთ მამაცი, პროაქტიული და პირველ რიგში უნდა დავაყენოთ ესპანელებისა და ევროპელების ინტერესები“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

წყარო: 1 არხი