მოუთმენლად ველოდებით მოლაპარაკებებს, ვფიქრობ, ის პოზიტიური იქნება – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გამგზავრებამდე განაცხადა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ირანელებთან მაღალი დონის მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს.
„როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, ირანელები მზად თუ არიან კეთილსინდისიერი მოლაპარაკებისთვის, ჩვენც, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ხელი გავუწოდოთ. ჩვენს მოტყუებას თუ შეეცდებიან, აღმოაჩენენ, რომ მოლაპარაკების გუნდი ამის არც თუ ისე მიმღებელია“, – განაცხადა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებების გუნდს, რომელშიც ასევე შედიან სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი, „მკაფიო მითითებები“ მისცა. ჯეი დი ვენსს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.