საინვესტიციო ბანკი Morgan Stanley ინვესტორებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მაღალრეიტინგული ობლიგაციების შეძენას ურჩევს. ბანკის შეფასებით, Microsoft-ის, Meta-სა და სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ფინანსური მდგომარეობა მათ საშუალებას აძლევს, AI ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო დაფინანსების გაძვირებას გაუმკლავდნენ. ამის შესახებ CNBC წერს.
Morgan Stanley-ის სტრატეგის, ფერნანდა ლიმას შეფასებით, ბაზარზე სულ უფრო მკაფიო ხდება განსხვავება ფინანსურად ძლიერ ტექნოლოგიურ გიგანტებსა და შედარებით მცირე AI ინფრასტრუქტურულ კომპანიებს შორის. მსხვილ კომპანიებს საინვესტიციო დონის საკრედიტო რეიტინგები და ძლიერი ბალანსები აქვთ, რაც მათ სესხის აღებისას უპირატესობას ანიჭებს. ამის საპირისპიროდ, დაბალი საკრედიტო რეიტინგის მქონე კომპანიები უფრო მაღალი ვალის დატვირთვითა და დაფინანსების რისკებით ხასიათდებიან.
ბანკის განსაკუთრებული ყურადღება მონაცემთა ცენტრებისა და ე.წ. Neocloud კომპანიების ობლიგაციებზეა გამახვილებული. ამ სექტორში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად CoreWeave სახელდება, რომლის ობლიგაციების შემოსავლიანობამ ნოემბრის დასაწყისში 16%-ს გადააჭარბა. Morgan Stanley-ის შეფასებით, მსგავსი კომპანიების შემთხვევაში ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ როგორც პროექტების განხორციელების, ისე დამატებითი დაფინანსების მოზიდვის სირთულეები.
ამასთან, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ობლიგაციების ბაზარზე აქტიურობას განაგრძობენ. Morgan Stanley-ის მონაცემებით, 30 სექტემბრის შემდეგ Microsoft-მა, Meta-მ და Oracle-მა აშშ-ის ბაზარზე ახალი ობლიგაციები გამოუშვეს, Alphabet-მა კი ევროპულ ბაზარს მიმართა. Meta-მაც განათავსა ობლიგაციები ევროპაში. ორივე ბაზარზე ჯამურმა გამოშვებამ 67 მილიარდი დოლარი შეადგინა.
Morgan Stanley-ის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანიების კაპიტალური დანახარჯები 2027 წელს 1.66 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც 2026 წლის მაჩვენებელზე 75%-ით მეტია. 2028 წლისთვის კი ბანკი 1.77 ტრილიონი დოლარის ინვესტიციას პროგნოზირებს. ეს ნიშნავს, რომ AI ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო კაპიტალის მოზიდვა მომდევნო წლებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება.