ქარის ტურბინების მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, დანიურმა კომპანია Vestas-მა, 2026 წლის მესამე კვარტალში მოსალოდნელზე დაბალი საოპერაციო მოგება მიიღო. ფინანსურმა შედეგებმა და ახალი შეკვეთების შემცირებამ ინვესტორების ნეგატიური რეაქცია გამოიწვია და კომპანიის აქციების ფასი სავაჭრო სესიის განმავლობაში 9%-მდე დაეცა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში Vestas-ის საოპერაციო მოგება 483 მილიონი ევრო შეადგინა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსების პროგნოზი 526 მილიონი ევრო იყო. კომპანიის შემოსავალი 5.68 მილიარდ ევროს გაუტოლდა, რაც ასევე ჩამორჩა ბაზრის დაახლოებით 6-მილიარდიან მოლოდინს.

კომპანიის შედეგებზე გავლენა იქონია როგორც მიწოდების შედარებით დაბალმა მოცულობამ, ისე გერმანიაში, ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე He Dreiht-ის ოფშორულ ქარის ელექტროსადგურზე მომხდარმა ინციდენტმა. ივლისში პროექტზე დამონტაჟებული დიდი ზომის ტურბინის ფრთა დაზიანდა, რის გამოც Vestas-ს დამატებითი საოპერაციო ხარჯების გაწევა მოუწია. პროექტს გერმანული ენერგოკომპანია EnBW ავითარებს.

გარდა ამისა, მესამე კვარტალში ქარის ტურბინებზე ახალი შეკვეთების მოცულობა წლიურად 27%-ით შემცირდა და 3 377 მეგავატი შეადგინა. კლება ძირითადად აშშ-ში ხმელეთზე განთავსებული ქარის ტურბინების შეკვეთების შემცირებამ განაპირობა. კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა იაკობ ვეგე-ლარსენმა განმარტა, რომ შეკვეთების მოკლევადიანი მერყეობა აშშ-ის ბაზარზე მოთხოვნის შესუსტებას არ ნიშნავს და ელექტროენერგიაზე მოთხოვნა კვლავ მაღალია.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ Vestas-მა 2026 წლის საოპერაციო მარჟის პროგნოზი 7-9%-დან 7.5-8.5%-მდე შეამცირა. ამასთან, კომპანიამ წლიური შემოსავლის მოლოდინიც შეცვალა და 20-22 მილიარდი ევროს ნაცვლად 20.5-21.5 მილიარდი ევრო დაასახელა. აქციების ფასი თავდაპირველად 9%-მდე შემცირდა, მოგვიანებით კი კლება ნაწილობრივ შეაჩერა.