„ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალ შესაძლებლობებზე მსჯელობას დაეთმო.


ფორუმის მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა მიმართა, რომელმაც ჯანმრთელობის დაზღვევისა და ზოგადად სადაზღვევო ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მდგრადი, კონკურენტუნარიანი და სანდო სადაზღვევო სისტემა არა მხოლოდ ეფექტიანი ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის განხორციელების, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.


„ჩვენი მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უზრუნველყოფაა. ეს არის ორი უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც ემსახურება როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ისე სადაზღვევო სექტორების განვითარება. როგორ მივაღწიოთ ამ მიზნებს და რა პირობები უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ მოქალაქეებს ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის სერვისი ჰქონდეთ? ამისთვის აუცილებელია სამი ძირითადი მიმართულების არსებობა: უფრო მეტი კონკურენცია სადაზღვევო სექტორში, პროცესების გამჭვირვალობა და სიმარტივე და მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობა“,
- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.


მისი თქმით, აღნიშნული მიზნების მისაღწევად პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ყოველთვის მზად არის, ხელი შეუწყოს საკანონმდებლო ჩარჩოს შემდგომ დახვეწას და სადაზღვევო კომპანიების პასუხისმგებლობაა, მომხმარებლებს მიაწოდონ მკაფიო, ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია სადაზღვევო პროდუქტების პირობებისა და იმ მომსახურების შესახებ, რომლის მიღების მოლოდინიც მათ კონკრეტული სადაზღვევო პოლისის შეძენისას უნდა ჰქონდეთ.


„ბაზარზე შესაძლოა სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტი არსებობდეს, თუმცა მომხმარებლებს მათ შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდეთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციის მექანიზმებმა ეფექტიანად იმუშაოს და მომხმარებლებს სრული ინფორმაცია ჰქონდეთ არსებული პროდუქტებისა და მათი პირობების შესახებ. ამისთვის აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და ციფრული პლატფორმების ფართოდ გამოყენება. მოვუწოდებთ ბიზნესს, უფრო აქტიურად იზრუნოს მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე და მეტი რესურსი მიმართოს ამ მიმართულებით. თანამედროვე სისტემების დანერგვა და შესაბამისი ციფრული პლატფორმების განვითარება საოპერაციო ხარჯებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს, რაც ბიზნესს უფრო მოქნილსა და ეფექტიანს ხდის“,
– აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.


ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო და კერძო დაზღვევის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სახელმწიფო დაზღვევა საბაზისო სადაზღვევო მომსახურებას უნდა უზრუნველყოფდეს, ხოლო კერძო დაზღვევა მოქალაქეებს დამატებით შესაძლებლობებსა და მომსახურებებს სთავაზობდეს. ასეთი მიდგომა გამორიცხავს გადაფარვას და ქმნის საფუძველს, რომ ორივე კომპონენტმა ერთმანეთი შეავსოს, რაც საბოლოოდ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო და კერძო დაზღვევა უნდა განიხილებოდეს არა როგორც კონკურენტული, არამედ როგორც ურთიერთშემავსებელი და ერთმანეთის მხარდამჭერი სისტემები.


ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძემიესალმნენ.


ეკონომიკურ ფორუმს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სადაზღვევო, საფინანსო და ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.