მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 100%-ის დათვლის შედეგად მაია სანდუს პარტიამ გაიმარჯვა, - ინფორმაციას მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ხმათა 50.20% დააგროვა და ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.

მეორე ადგილზე 24.18%-ით „პატრიოტული ბლოკი“ გავიდა, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.

მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“, რომელმაც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 7.96% მიიღო. მეოთხე ადგილზე გავიდა „ჩვენი პარტია“, ამომრჩეველთა ხმების 6.20%-ით, ხოლო მეხუთე ადგილი „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტიამ დაიკავა - 5.62%-ით.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა 1 608 518 ადამიანმა მიიღო, ანუ ამომრჩეველთა 52.21%-მა.

წყარო: ipn.ge