მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში სამართალდამცველებმა ხუთი თაღლითური ქოლ-ცენტრი დახურეს. ოპერაციის ფარგლებში 21 ჩხრეკა ჩატარდა, თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით კი რვა პირი დააკავეს.

მოლდოვის პოლიციის ინფორმაციით, მასშტაბური სპეცოპერაცია 9 ოქტომბერს ჩატარდა. მასში ეროვნული საგამოძიებო ინსპექციისა და ბალცის პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ, მათ სპეციალური დანიშნულების რაზმი „ფულგერი“ ეხმარებოდა.

გამოძიების მიხედვით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კრიპტოვალუტით ვაჭრობის ყალბ პლატფორმებს ქმნიდნენ და აშშ-ისა და კანადის მოქალაქეებს ინვესტირების მოტივით ატყუებდნენ. ეჭვმიტანილები თავს საერთაშორისო საინვესტიციო ექსპერტებად ასაღებდნენ, პოტენციურ კლიენტებს დიდი მოგების მიღებას ჰპირდებოდნენ და მათ თანხის გადარიცხვაში არწმუნებდნენ.

საქმეში ათობით ადამიანია ფიგურანტი, მათ შორის კამერუნის, ინდოეთის, ისრაელის, ნიგერიის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები. უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებულ გარემოებებს მოლდოვის შესაბამისი უწყებები ამოწმებენ. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები რვა დაკავებულს შორის.

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, საბანკო ბარათები, დოკუმენტები, ბეჭდები და კომუნიკაციების ჩახშობის მოწყობილობები ამოიღეს. ერთ-ერთ ობიექტზე ასევე აღმოაჩინეს პოლიგრაფი — ე.წ. ტყუილის დეტექტორი, რომელსაც, გამოძიების ინფორმაციით, ქოლ-ცენტრის თანამშრომლების შესამოწმებლად იყენებდნენ.

სამართალდამცველების წინასწარი მონაცემებით, დანაშაულებრივი სქემა ორგანიზატორებს დიდ შემოსავალს აძლევდა. გამოძიების ინფორმაციით, მხოლოდ ერთი ქოლ-ცენტრის სავარაუდო შემოსავალი თვეში დაახლოებით 2 მილიონ დოლარს შეადგენდა.

რვავე დაკავებული წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია მოთავსებული. გამოძიება გრძელდება.

წყარო: მოლდოვის პოლიციის გენერალური ინსპექტორატი — ოფიციალური განცხადება.