ამერიკული ფარმაცევტული კომპანიები Merck-ი და Moderna აცხადებენ, რომ მელანომის ექსპერიმენტულმა პრეპარატმა, რომელი პაციენტის კონკრეტულ სიმსივნეზეა მორგებული  — ფართომასშტაბიან კლინიკურ კვლევაში უზრუნველყო, რომ არ მომხდარიყო კიბოს რეციდივი, ანუ ხელახლა დაბრუნება.

პრეპარატი, სახელად „ინტისმერანის ავტოგენი“ (ცდების დროს ცნობილი, როგორც mRNA-4157/V940) ეფუძნება იმავე ინფორმაციული რიბონუკლეინმჟავის (mRNA) ტექნოლოგიას, რასაც Moderna-ს მიერ წარმოებული COVID-19-ის ვაქცინა.

კიბოს საწინააღმდეგო mRNA პრეპარატებზე მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ, მაგრამ როგორც Merck-ი და Moderna აცხადებენ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა რომელიმე ასეთმა საშუალებამ დადებითი შედეგები აჩვენა კლინიკური ცდების მესამე ფაზაში.

„დღეს Moderna-სთვის, mRNA მეცნიერებისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კიბოს პაციენტებისთვის — გამორჩეული, საეტაპო დღეა“, — წერს განცხადებაში Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანსელი.

ამ ამბის გახმაურების შემდეგ, Moderna-ს აქციები 129 პროცენტით, 144 დოლარამდე გაიზარდა, Merck-ის აქციები კი 10%-ით, 150 დოლარამდე.

კლინიკური ცდების მესამე ფაზა წელიწადზე დიდხანს გაგრძელდა და ჩართული იყო 1137 პაციენტი, რომლებიც სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ შემთხვევითობის პრინციპით დაყვეს ჯგუფებად; მონაწილეთა ორი-მესამედი ახალ პრეპარატს და იმუნოთერაპიულ პრეპარატ პემბროლიზუმაბს იღებდა, დანარჩენი ნაწილი კი მხოლოდ პემბროლიზუმაბს.

კომპანიების განცხადებით, ცდის მონაცემებს ისინი მომავალ საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგენენ და დაიწყებენ მარეგულირებლებთან დასამტკიცებლად წარსადგენი დოკუმენტაციის შევსებას.

სამედიცინო ონკოლოგიის კონსულტანტი და ოქსფორდის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ლენარდ ლი, რომელიც ცდაში ჩართული არ ყოფილა, შედეგებს „ძალიან გამამხნევებელს“ უწოდებს და ამბობს, რომ ახლა უნდა დაველოდოთ სრულ მონაცემთა ნახვას.

ლონდონის ბარტსის კიბოს ინსიტუტის სამედიცინო ონკოლოგიის კონსულტანტი მარკო გერლინგერი ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ კარგი ამბავია მელანომის მქონე პაციენტთათვის, ეს იყო „პრინციპის დასტური, რომ კიბოს პერსონალიზებული ვაქცინები მუშაობს“, მაგრამ ასევე აღნიშნავს, რომ პრესრელიზი დეტალების მხრივ ძალიან მოკლე იყო.

„ჯერ ასევე უცნობია, იზრდება თუ არა კიბოს რეციდივის მაჩვენებელი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მაგალითად, სამ წელიწადში“, — ამბობს გერლინგერი.

პრეპარატის მუშაობის პრინციპი შემდეგია — იღებენ პაციენტის სიმსივნის ნიმუშს და ავლენენ მის უნიკალურ მუტაციურ ხელწერას, ანუ „თითის ანაბეჭდს“, შემდეგ კი მას mRNA ტექნოლოგიის გამოყენებით ებრძვიან.

ინფორმაციული რნმ ტექნოლოგია (mRNA) იყენებს სინთეზურ მოლეკულურ ინსტრუქციებს, რომლებიც მოთავსებულია პაწაწინა ცხიმოვან ბუშტებში; ისინი დროებით შედიან უჯრედებში, რაც მათ აიძულებს, წარმოქმნან ორგანიზმის იმუნური სისტემის გაწვრთნისთვის საჭირო სამიზნეები.

ტექნოლოგია პირველად ათწლეულების წინ შეიქმნა, მაგრამ წინა პლანზე COVID-19 პანდემიის დროს წამოიწია, როცა Moderna-მ და Pfizer-მა შექმნეს ვაქცინები, რომლებიც ძლიერ ეფექტიანია დაავადების მძიმე ფორმების წინააღმდეგ.

მელანომა კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ფორმაა. 2022 წელს მსოფლიოში 330 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„Merck-თან ერთად, ახლა ვიკვლევთ ინტისმერანს პემბროლიზუმაბთან და კიბოს საწინააღმდეგო სხვა თერაპიებთან კომბინაციაში. ასევე მონოთერაპიის სახით სიმსივნის სხვადასხვა ტიპსა და სტადიაზე, მათ შორის მელანომაზე, ფილტვის, შარდის ბუშტისა და თირკმლის კიბოზე“, — ამბობს Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანსელი.

წყარო: პირველი არხი