საქართველოში ეუთო-მ შეძლო არჩევნების, საერთო ჯამში, სწორად ჩატარების დადასტურება. ამავდროულად, მიუღებელია ევროპული ელიტების სურვილი, შეცვალონ არჩევნების შედეგი, იქამდეც კი მიდიან, რომ ლეგიტიმაციას ანიჭებენ პრეზიდენტს, რომელიც კანონიერად აღარ იმყოფება თანამდებობაზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.
მისი თქმით, სიმართლეა ის, რომ არ არსებობს რეალური ინტერესი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართ, უმრავლესობის პარტიები ამ რიტორიკას იყენებენ მხოლოდ იმ ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმისთვის, რომლებიც დასავლურ ინტერესებს არ ემორჩილებიან.
ამასთან, როგორც დანილო დელა ვალემ აღნიშნა, ეს მენტალიტეტი წარსულს ეკუთვნის.
„მე წარმომიდგენია, რომ მომავალი თაობები გულდასმით გამოიკვლევენ ამ პარლამენტის საქმიანობას და დასვამენ კითხვებს ევროპული დემოკრატიის წარმომადგენლების ქმედებებზე, როდესაც დასავლეთი ქაოსში ეშვებოდა. ჩვენ კვლავ ვაპირებთ საქართველოს შესახებ მსჯელობას, მაშინ როდესაც ამ ასამბლეას არ გამოუნახავს დრო, თუნდაც ერთი რეზოლუციით გამოეხატა თავისი პოზიცია პალესტინელი მოსახლეობის არაადამიანურ პირობებსა და წლების განმავლობაში წინასწარ დაგეგმილ გენოციდზე. ჩემთვის ეს ყველაფერი სამარცხვინოა. სიმართლე ის არის, რომ არ არსებობს რეალური ინტერესი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართ. უმრავლესობის პარტიები ამ რიტორიკას იყენებენ მხოლოდ იმ ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმისთვის, რომლებიც დასავლურ ინტერესებს არ ემორჩილებიან. საქართველოში ეუთო-მ შეძლო არჩევნების, საერთო ჯამში, სწორად ჩატარების დადასტურება. ეს არ უარყოფს ქვეყნის პრობლემებს, რომლებიც მრავალრიცხოვანია, ჩვენ დავგმეთ რამდენიმე კანონი საქართველოში, რომლებსაც არ ვეთანხმებით. ამავდროულად, მიუღებელია ევროპული ელიტების სურვილი, შეცვალონ არჩევნების შედეგი, როდესაც ის არ ემთხვევა ნატო-ს საგარეო პოლიტიკის არჩევანს. ისინი იქამდეც კი მიდიან, რომ ლეგიტიმაციას ანიჭებენ პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა კანონიერად აღარ იმყოფება თანამდებობაზე.
ეს მენტალიტეტი წარსულს ეკუთვნის. ჩვენი მოსმენა თუ არ გსურთ, მაშინ მაინც გაითვალისწინეთ ის ევროპელი მოქალაქეები, რომლებიც არ აძლევენ ხმას ან მხარს უჭერენ სხვა პოლიტიკურ ფორმაციას, რომელიც ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისგან განსხვავებულია. დროა, რადიკალურად შევცვალოთ ჩვენი მიდგომა, რათა არ ვუღალატოთ იმ ხალხის ნდობას, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ და სამართლიანად და პატიოსნად შევხვდეთ გლობალურ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ გველოდება“, – განაცხადა დანილო დელა ვალემ.