სანქცირებული რუსი ოლიგარქი მიხეილ ფრიდმანი შექმნილი ვითარების გამო ისრაელიდან მოსკოვში გაიქცა. ამის შესახებ მან ინფორმაცია Bloomberg-თან სატელეფონო საუბარში დაადასტურა.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ფრიდმანმა დიდი ბრიტანეთი ერთი კვირის წინ დატოვა.
„ერთი კვირის წინ გადავედი ისრაელში. ახლა კი მოსკოვში ჩავედი შექმნილი სიტუაციის გამო", - განაცხადა რუსმა მილიარდერმა. მისი თქმით, ისრაელში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ის ამ ქვეყანაში მუდმივ საცხოვრებლად დაბრუნდება.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან კავშირის გამო მიხეილ ფრიდმანი დასავლური ქვეყნების სანქციების ქვეშაა. ფრიდმანი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუსი ოლიგარქია. მისი აქტივები მოიცავდა როგორც უმსხვილეს კერძო საბანკო ინსტიტუტს, ასევე წილებს ნავთობკომპანიებში. ფრიდმანის კომპანია „ალფა-გრუპი“ ასევე წილს ფლობს „ბორჯომში“.
2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.