სამხრეთ ფედერალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ელექტროენცეფალოგრაფიული სიგნალების გამოყენებით ამოიცნონ ადამიანის მიერ გონებაში წარმოთქმული სიტყვები.

მკვლევრებმა ტვინის აქტივობის დამახასიათებელი ნიმუშები გამოავლინეს ექვსი ბრძანებისთვის: „ზემოთ“, „ქვემოთ“, „მარცხნივ“, „მარჯვნივ“, „წინ“ და „უკან“, იტყობინება „რია ნოვოსტი“ ჟურნალ „Scientific Data–ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

ექსპერიმენტში 22 მოხალისე მონაწილეობდა: 12 რუსულენოვანი და 10 ესპანურად მოლაპარაკე. თავდაპირველად ისინი ხმამაღლა წარმოთქვამდნენ ბრძანებებს, შემდეგ კი გონებაში იმეორებდნენ ტუჩების განძრევის გარეშე. ელექტროენცეფალოგრამის ჩანაწერებმა აჩვენა, რომ „შინაგან მეტყველებასაც“ თან ახლავს სიგნალების განსხვავებული ნაკრები, რომელთა ჩაწერა და კლასიფიცირება შესაძლებელია.

იმაში დასარწმუნებლად, რომ ალგორითმი ნამდვილად ტვინის აქტივობას კითხულობდა და არა კუნთების შემთხვევით მოძრაობებს, ზოგიერთ ექსპერიმენტში მეცნიერებმა დამატებით ჩაიწერეს საღეჭი კუნთებისა და ხორხის მუშაობა. ამან შესაძლებელი გახადა კუნთების არტეფაქტების ანალიზიდან გამორიცხვა.

„ჩვენი მიზანია შევქმნათ მაღალი ხარისხის ინსტრუმენტი ალგორითმების შესამუშავებლად, რომლებსაც შეეძლებათ „შინაგანი მეტყველების“ ამოცნობა — რასაც ადამიანი გონებრივად წარმოთქვამს ტუჩების მოძრაობის გარეშე“, — ამბობს დიმიტრი შაპოშნიკოვი, სამხრეთ ფედერალური უნივერსიტეტის ნეიროტექნოლოგიის ცენტრის წამყვანი მკვლევარი.

მეცნიერის თქმით, მომავალში ასეთი ტექნოლოგიები შეიძლება დაეხმაროს მძიმე მეტყველებისა და მოტორული დარღვევების მქონე ადამიანებს მოწყობილობების მართვაში, ტექსტების აკრეფაში და ვირტუალურ რეალობასთან ფიქრების გამოყენებით ურთიერთქმედებაში.

ვრცლად snob.ru – ზე