სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ თაგვებზე ჩატარებული კვლევით დადგინდა, ხრტილების დაკარგვა, რომელიც ასაკთან ერთად მოდის, გამოწვეულია ერთი ცილით. აღმოჩენა მიუთითებს მკურნალობის მეთოდებზე, რომლებმაც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ხანდაზმულებში აღადგინოს მოძრაობის უნარი და შეამსუბუქოს დისკომფორტი.
წინა კვლევებში, ცილა 15-PGDH ფართოდ დაკავშირებული აღმოჩნდა დაბერებასთან — ასაკთან ერთად, მისი რაოდენობა იმატებს და ხელს უშლის მოლეკულებს, რომლებიც ქსოვილებს აღადგენენ და ანთებას ამცირებენ.
ამან მეცნიერები აიძულა განეხილათ, შესაძლოა თუ არა 15-PGDH ჩართული იყოს ოსტეოართრიტში — დაავადებაში, რომელშიც სახსრებზე დატვირთვა განაპირობებს ხრტილში კოლაგენის დაშლას, რაც ანთებას და ტკივილს იწვევს.
ხანდაზმულ თაგვებზე ჩატარებულ ცდებში, 15-PGDH ინჰიბიტორის (მბლოკავი) შეყვანის შემდეგ, მუხლის გაცვეთილი ხრტილი კვლავ გასქელდა. ახალგაზრდა თაგვებზე ჩატარებულ ასეთივე ცდებში, ინჰიბიტორმა ისინი დაიცვა ტრავმით გამოწვეული ოსტეოართრიტის ჩვეულებრივი ეფექტებისგან.
როდესაც მკვლევრებმა თაგვებში ხელოვნურად გამოიწვიეს წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების ეკვივალენტი და შემდეგ უმკურნალეს, ოსტეოართრიტი აღარ განვითარდა, რაც როგორც წესი, მოსალოდნელია ხოლმე ამ სახის სამოდელო თაგვებში.
ხრტილის აღდგენის წინა მცდელობები მოიცავდა ღეროვანი უჯრედების გამოყენებას — ფაქტორს, რომელიც უკვე აღარაა საჭირო, როცა ცილა 15-PGDH დაბლოკილია. ამის ნაცვლად, ქონდროციტი უჯრედები, რომლებიც ხრტილებს წარმოქმნიან და ინარჩუნებენ — გარდაიქმნა ჯანმრთელ, უფრო გამოსადეგ ფორმაში.
„ეს გახლავთ ზრდასრული ქსოვილის რეგენერაციის ახალი გზა და მნიშვნელოვანი კლინიკური პერსპექტივა აქვს დაბერებით ან დაზიანებით გამოწვეული ართრიტის სამკურნალოდ. ჩვენ ღეროვან უჯრედებს ვიკვლევდით, მაგრამ ისინი აქ აშკარად არ არიან ჩართული. ძლიერ ამაღელვებელი ამბავია“, — ამბობს მიკრობიოლოგი ჰელენ ბლაუ.
დამუშავებულ თაგვებს უფრო სტაბილური სიარული ჰქონდათ, რაც მიუთითებს, რომ განიცდიდნენ ნაკლებ ტკივილს; ასევე, დაზიანებულ ფეხებზე იტანდნენ უფრო მეტ წონას — ნიშანი იმისა, რომ ხრტილის აღდგენა ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უტოლდებოდა.
ასეთივე ექსპერიმენტი სცადეს იმ ადამიანებისგან აღებული ქსოვილების ნიმუშებზე, რომლებსაც მუხლის ჩანაცვლების ოპერაცია ჰქონდათ ჩატარებული. აქაც დაფიქსირდა აღდგენის მკაფიო ნიშნები, ხრტილი გახდა უფრო მაგარი და აღენიშნებოდა ანთების მხოლოდ მცირე ნიშნები.
„მექანიზმი ფრიად გასაოცარია და ნამდვილად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ქსოვილის აღდგენის გზების შესახებ. აშკარაა, რომ ხრტილში უკვე არსებული უჯრედების დიდი რაოდენობა ცვლის მათი გენის ექსპრესიის მახასიათებლებს. აღდგენისთვის ამ უჯრედების მიზანში ამოღებით, შესაძლოა, კლინიკურად უფრო დიდი საერთო გავლენის მოხდენის შესაძლებლობა გვქონდეს“, — ამბობს ორთოპედიული მეცნიერი ნიდჰი ბჰუტანი.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, ამ მიმართულებამ შეიძლება მიგვიყვანოს ეფექტიან სამკურნალო საშუალებებთან, რომელიც უკუაქცებს ართრიტით ან ასაკით გამოწვეულ დაზიანებას. შეიძლება წინ გველოდება მომავალი, რომელშიც საჭირო აღარ იქნება თეძოსა და მუხლის ჩანაცვლების ქირურგიული ოპერაციები.
ოსტეოართრიტის ამჟამინდელი მკურნალობა შემოიფარგლება მხოლოდ სახსრების ჩანაცვლებით ან ტკივილის მართვით. მიუხედავად ბოლო წლებში იმედისმომცემი კვლევებისა, ჯერ მაინც არაფერი გვაქვს, რომელიც ამ დაავადების გამომწვევ მიზეზს აღმოფხვრის.
შემდეგი ნაბიჯი უნდა მოიცავდეს კლინიკურ ცდებს. კუნთების დასუსტების წინააღმდეგ 15-PGDH მბლოკავის გამოყენებაზე ჩატარებულმა წინა ცდამ ვერ გამოავლინა რაიმე საფრთხე ჯანმრთელობის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც ასეთი პრეპარატების ცდების პროცესს დააჩქარებს.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.stanford.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.