ბალტიის ქვეყნების ოფიციალური პირები აღშფოთებით გამოეხმაურნენ გერმანიის ყოფილი ლიდერის, ანგელა მერკელის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში რუსეთის შეჭრაში გარკვეული პასუხისმგებლობა ლატვიას, ლიეტუვას, ესტონეთსა და პოლონეთს ეკისრებათ. ბალტიელი პოლიტიკოსებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის, რომ გერმანიის ექს-კანცლერმა ბალტიის ქვეყნებს და პოლონეთს კრემლთან ევროკავშირის კონტაქტების დაბლოკვაში დასდო ბრალი, რამაც, მერკელის შეფასებით, პუტინს უკრაინაში ომის დაწყებისკენ უბიძგა.

„2021 წლის ივნისში ვიგრძენი, რომ პუტინი მინსკის შეთანხმებას სერიოზულად აღარ აღიქვამდა“, - განაცხადა მერკელმა და წარუმატებელ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ისაუბრა, რომელმაც კიევსა და ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის მიერ მართულ სეპარატისტებს შორის არსებული კონფლიქტი გაყინა.

მერკელმა თქვა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის უარმა, დაეშვათ კრემლთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, ნაწილობრივ, მოსკოვის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრა განაპირობა.

„სწორედ ამიტომ მინდოდა ახალი ფორმატი, სადაც ევროკავშირის სახელით პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს შევძლებდით“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ამას ყველა არ უჭერდა მხარს, უპირველეს ყოვლისა - ბალტიის ქვეყნები, პოლონეთიც წინააღმდეგი იყო“. ყოფილი კანცლერის აზრით, ამ ოთხეულს „ეშინოდა“, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვერ შედგებოდა კოლექტიური შეთანხმება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამკლავებოდნენ რუსეთს.

უნგრულ მედიასაშუალება „პარტიზანთან“ მერკელის ინტერვიუმ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში მწვავე რეაქცია გამოიწვია.

ლინას ლინკევიჩიუსმა, რომელიც იმ დროისთვის ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, განაცხადა რომ მერკელმა „გაუშვა შესაძლებლობა, ჩუმად ყოფილიყო“.

შვედეთში ლიეტუვის ამჟამინდელმა ელჩმა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ირონიით აღნიშნა, რომ „არსებობს ადამიანების გარკვეული ტიპები - და პოლიტიკოსებიც ხომ ადამიანები არიან! - რომლებიც არასდროს ცდებიან“ და დასძინა, რომ 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის („მაპი“) მინიჭებაზე მერკელის უარმა კრემლის აგრესიას შეუწყო ხელი.

„რუსეთმა თავი თავისუფლად იგრძნო და ჩათვალა, შეეძლო ემოქმედა ისე, თითქოს ნებართვა მისცეს, საკუთარ „უკანა ეზოში“ გაეკეთებინა ყველაფერი, რაც სურდა. ეს იყო ერთ-ერთი იმ მრავალი გამაფრთხილებელი ნიშნიდან, რომელიც დასავლეთმა, უბრალოდ, უგულებელყო“, - დაწერა ლინკევიჩიუსმა.

„ამ ისტორიულ შეცდომებზე კანცლერის პასუხისმგებლობა ოდნავადაც არ შემცირებულა - განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ის უგუნურად და დაუსაბუთებლად ადანაშაულებს მათ, ვინც, სულ მცირე, ამ შეცდომების შეჩერებას შეეცადა“, - მიიჩნევს ლინკევიჩიუსი.

„ბევრი, ვისაც ეს ყველაფერი ახსოვს, ჯერ კიდევ ცოცხალია“, - დასძინა მან.

ლიეტუვის კიდევ ერთი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის (2020-2024 წლები), გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, მერკელის შენიშვნები „შებრუნებული ლოგიკის შემთხვევაა“, როდესაც ვიღაც ცდილობს, თავისი შეცდომებისთვის „დამნაშავედ სხვა ვინმე გამოიყვანოს“.

გერმანიის ყოფილ კანცლერთან ურთიერთობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ლანდსბერგისმა გაიხსენა, როდესაც ლიეტუვა მიგრაციულ კრიზისში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მინსკის რეჟიმმა, ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, ათასობით არალეგალური მიგრანტი ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთისკენ მიმართა.

„იმ დროს ლიეტუვა ევროკავშირისგან მეტ დაფინანსებასა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვდა. თუმცა, მერკელმა გადაწყვიტა, ბელარუსის ავტორიტარ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან პირდაპირი მოლაპარაკებები ლიეტუვის ზურგს უკან ეწარმოებინა“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.

„ჩვენი ინფორმირების გარეშე, ის ლუკაშენკოს ესაუბრა და საკუთარი ინიციატივით, რაღაც სახის შეთანხმების გაფორმება დაიწყო, - განაცხადა ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, - მახსოვს, ვთქვი, რომ თუ ლიეტუვას თავდასხმა ემუქრება, მაშინ ასეთი კონტაქტები, ალბათ, ჯერ ჩვენთან უნდა ყოფილიყო კოორდინირებული. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ნათქვსმს მერკელზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია“.

ლანდსბერგისის თქმით, მერკელი პუტინზე თავის გავლენას გადაჭარბებით აფასებდა.

„დაშოშმინების სტრატეგიამ არ იმუშავა 1938 წელს და არც ახლა მუშაობს“, - მეორე მსოფლიო ომთან გაავლო მან პარალელი.

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, „სოციალ-დემოკრატი“ რემიგიუს მოტუზასი მიიჩნევს, რომ მერკელის სიტყვები არ შეიძლება გერმანიის ოფიციალურ პოზიციად ჩაითვალოს.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავთ ამას, როგორც გერმანიის პოზიციას,“ – განუცხადა მან ორშაბათს სააგენტო „ბალტიკ ნიუს სერვისს“ (BNS).

წყარო:1 არხი