ილონ მასკსა და მარკ ცუკერბერგს შორის შერეული საბრძოლო ხელოვნების სახეობაში შერკინება შესაძლოა, იტალიის მთავრობის ორგანიზებით რომის კოლიზეუმში გაიმართოს. ინფორმაციას TMZ Sports წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინფორმაციო პორტალის ცნობით, იტალიის კულტურის მინისტრი, დარიო ფრანჩესკინი კომპანია Meta-ს ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგს დაუკავშირდა და Tesla-ს, ასევე, SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკთან ჩანიშნული „მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლის“ ადგილად რომის კოლიზეუმი შესთავაზა.

TMZ Sports-ის წყაროების ცნობით, კოლიზეუმში ბრძოლის გამართვას ორივე მილიარდერი ემხრობა. გამოცემა აზუსტებს, რომ ეს წინადადება ცუკერბერგის წარმომადგენლებმა საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაცია UFC-ის (Ultimate Fighting Championship) პრეზიდენტ დეინ უაითს გააცნეს, რომლის წარმომადგენლებიც, თავის მხრივ, იტალიელ მინისტრს დაუკავშირდნენ.

რომში ჩხუბის შესაძლო ჩანიშვნას მასკი Twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ „არსებობს შანსი, ბრძოლა კოლიზეუმში გაიმართოს.“

21 ივნისს მასკმა ცუკერბერგი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) სახეობაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გამოიწვია, რომ Meta სოციალურ ქსელ Twitter-ის ანალოგს ავითარებდა. ცუკერბერგმა ეს გამოწვევა მიიღო. Tesla-ს დამფუძნებლის დედა, მეი მასკი შეეცადა, დაერწმუნებინა შვილი, რომ ჩხუბზე უარი ეთქვა და სანაცვლოდ „ვერბალური დუელი“ გაემართა, თუმცა ბიზნესმენმა მას არ დაუჯერა.

აღსანიშნავია, რომ „ფსონები“ უფრო ცუკერბერგზე იდება, რადგან მას არაერთხელ განუცხადებია, რომ საბრძოლო ხელოვნება მისი გატაცებაა და ბრაზილიურ სახეობა ჯიუ-ჯიცუშიც კი უასპარეზია. თუმცა 52 წლის მასკი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ სამხრეთ აფრიკაში, სადაც ის იზრდებოდა, ორთაბრძოლებში ხშირად მონაწილეობდა, რადგან ის „საშიში ადგილია.“

ახლახან ორივე მილარდერმა „საუკუნის ბრძოლისთვის“ მზადების ვიდეოკადრები გაასაჯაროვა. მათ ჯიუ-ჯიცუს ოსტატთან, შავი ქამრის მფლობელ ლექს ფრიდმანთან ვარჯიში რიგ-რიგობით გამართეს. ამასთან, მასკმა UFC-ის სამგზის ჩემპიონ ჟორჟ სენტ-პიერისგან გაწვრთნის შეთავაზება მიიღო, რაზეც Twitter-ის მფლობელი დათანხმდა.

„მე მას დავალურჯებ,“ - აცხადებს მასკი.

ბრძოლის სანახავი ფასიანი გამოწერა 100 დოლარი ეღირება, რაც ორგანიზაციის ტურნირების სტანდარტულ (pay-per-view-ს) ფასზე 20 დოლარით მეტია.

bpn.ge