ილონ მასკის აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა, იელის უნივერსიტეტში მოქმედ სამუშაო ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად მუშაობს, დაფინანსება შეუჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
The Telegraph-ი წერს, რომ იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ კვლევით ლაბორატორიას, რომლის ძალისხმევითაც უკრაინაში ასობით ბავშვი დაბრუნდა, ილონ მასკის აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) მიერ ფედერალური ხარჯების შემცირების შედეგად, დაფინანსება შეუჩერდა.
„ჰუმანიტარული კვლევითი ლაბორატორიის მკვლევრებს შეატყობინეს, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით მუშაობისთვის მათი საქმიანობის დაფინანსება შეჩერდა. ჰუმანიტარული კვლევითი ლაბორატორია ღია კოდის გამოყენებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრიზისებს იძიებს და იკვლევს“, - განაცხადა იელის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.
უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინაში 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთმა დაახლოებით, 20000 უკრაინელი ბავშვი გაიტაცა.
წყარო: ipn.ge