მტვრიანი, მშრალი, უდაბური მარსი ერთ დროს წყლით იმდენად მდიდარი იყო, რომ არა მხოლოდ ტბები, ოკეანეებიც კი ჰქონდა. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
ქანებში შეღწევადი რადარით ჩატარებულმა დაკვირვებებმა გამოავლინა მიწისქვეშა წარმონაქმნები, რომლებიც წითელი პლანეტის ოთხი მილიარდი წლის წინანდელი პლაჟები უნდა იყოს. ეს ამ დროისათვის ჩვენს ხელთ არსებული ერთ-ერთი საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ მარსი ერთ დროს წყლიანი იყო და მის ჩრდილოეთ ნაწილში ზღვა იდგა.
ამ ზღვას მკვლევართა ჯგუფმა დეიტერონილუსი უწოდა.
„მარსზე ვპოულობთ ადგილებს, რომლებიც უძველეს პლაჟებს და მდინარეთა დელტებს ჰგავს. ვიპოვეთ ქარის, ტალღებისა და ქვიშის მტკიცებულებები — ეს პლაჟი იმ სტილის უნდა ყოფილიყო, დღეს რომ არდადეგებს ვატარებთ“, —ამბობს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგი ბენჯამინ კარდენასი.
მარსის წყლის ისტორია უზარმაზარი თავსატეხია. ერთი შეხედვით, პლანეტა ისე გამოიყურება, თითქოს მასზე წვეთი წყალიც კი არასოდეს ყოფილა. ლეგენდარულია მისი გლობალური მტვრის შტორმი.
ადვილი იქნებოდა დაგვეჯერებინა, რომ მარსი ყოველთვის ასეთი მშრალი, ქვების გროვა იყო. თუმცა, სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ მარსის ზედაპირზე ერთ დროს არა მხოლოდ უბრალოდ თხევადი წყალი იდგა, არამედ წყალი იქ ზედმეტად უხვად მიედინებოდა.
შესაბამისად, კითხვაც კი აღარ არსებობს იმის შესახებ, რომ მარსზე წყალი არსებობდა. თუმცა, მაინც ბევრი კითხვა რჩება. რამდენი წყალი იყო? რამდენი ხნის წინ გაქრა? სად წავიდა და როგორ?
„პლანეტებზე ოკეანეებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ოკეანეებს დიდი ეფექტი აქვს კლიმატზე, აყალიბებენ პლანეტის ზედაპირს და პოტენციურად სასიცოცხლო გარემოს. ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი იყო ზედაპირქვეშ შეხედვის შანსი, იმ ადგილას, სადაც ჩვენი აზრით, ოკეანე უნდა ყოფილიყო — და იქ ვნახე ის, რაც ჩვენ პლაჟის დანალექები გვგონია“, — ამბობს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი მაიკლ მანგა.
ჩინეთის მავალ Zhurong-ის მიერ შეგროვებული მონაცემების გამოყენებით, ჩინურ-ამერიკულმა ერთობლივმა ჯგუფმა პირველ კითხვას სიღრმისეული პასუხი გასცა — საკმარისი წყალი, რათა ოკეანე აევსო.
უტოპია-პლანიტიის რეგიონში გადაადგილებისას, Zhurong-ი ქანებში შეღწევად რადარს (GPR) იყენებდა და მარსის ზედაპირიდან 80 მეტრამდე სიღრმეში ზომავდა გრუნტს.