ნარკომაფიის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების სერიის მიუხედავად, საფრანგეთის საპორტო ქალაქ მარსელში ბანდებს შორის ომები მძვინვარებს. მხოლოდ 2023 წელს, კრიმინალურ ჯგუფებს შორის შეტაკებებს 50 ადამიანი ემსხვერპლა. ბანდების ქმედებების სისასტიკე იზრდება, დამნაშავეების ასაკი კი მცირდება. ამჟამად პოლიციას ხელში 14 წლის მკვლელი იმყოფება.

მარსელი საფრანგეთის ერთ-ერთი ულამაზესი, მაგრამ, ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქალაქია. ორმხრივი სროლის ან შეკვეთლი მკვლელობის შედეგად დაღუპულებს მის მივარდნილ ქუჩებში სულ უფრო ხშირად ნახულობენ. ბოლო მსხვერპლი 36 წლის მამაკაცია, რომელიც, სავარაუდოდ, თვითონ იყო დაქირავებული მკვლელი.

„ეს შეიძლება იყოს მაფიის ცნობილი ბანდის, DZ-ის მესიჯი - თუ თქვენ არ ჩაიდენთ მკვლელობებს, რისთვისაც დაგიქირავეთ, ჩვენ შეგვიძლია, ეს თავად თქვენ გაგიკეთოთ“, - ამბობს პოლიციის პროფკავშირის წარმომადგენელი, რუდი მანა.

ამ შემთხვევაში, შოკისმომგვრელი მკვლელის ასაკია. მაფიის ბოსმა ციხიდან 20 000 ევროდ, როგორც ჩანს, 14 წლის ბიჭი დაიქირავა. ის ახლა პოლიციის ხელშია, რომელიც ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს შურისძიება სხვა ბანდის წევრის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის. არადა, ის მკვლელიც, ვისზეც შური იძიეს, მხოლოდ 15 წლის იყო.

„მას დანით ორმოცდაათი ჭრილობა მიაყენეს და ფონსკოლომბის რაიონში გადაიყვანეს, სადაც, როგორც გაკვეთის შედეგებიდან ირკვევა, ცოცხლად დაწვეს“, - აღნიშნა მარსელის პროკურორმა, ნიკოლას ბესონმა.

საფრანგეთის ახალი მთავრობა, არალეგალურ მიგრაციასთან გასამკლავებლად, ზომების მიღებას აპირებს (ჩეხურ ენაზე)

მდგომარეობა ღარიბულ უბნებში

ნარკოტიკების მომგებიანი ბაზრის დასაუფლებლად ბანდებს შორის გაჩაღებული ომი მრავალი წელია გრძელდება. ნარკოტიკების გაყიდვა ღარიბი უბნების არასრულწლოვანთათვის სწრაფი გზაა სოციალური ფსკერიდან თავის დასაღწევად, მაგრამ იმავე გზას შეიძლება ტრაგიკული დასასრული ჰქონდეს. ამ უბნების ხანდაზმულ მოსახლეობას ურჩევნია, პრობლემის არსებობას თვალი აარიდოს.

„ეს მე არ მეხება. აქეთ-იქით არ ვაცეცებ თვალებს. მე მხოლოდ სამსახურში დავდივარ“, - ამბობს ლა-კასტელანის რაიონის მცხოვრები. მაგრამ შეიძლება არც ეს იყოს გამოსავალი. უდანაშაულო გამვლელებს ბრმა ტყვიები სულ უფრო ხშირად ხვდება და ადამიანებს საკუთარ სახლებშიც კი კლავს, როდესაც ბანდებს შორის ორმხრივი სროლა მიმდინარეობს. საქმეს პოლიციის ხშირი რეიდებიც ვერ შველის.

„ვიცი, რომ ამ რაიონის მოსახლეობას შვებას ჰგვრის იმის დანახვა, რომ პოლიცია ნარკოდანაშაულთან საბრძოლველად ოპერაციას ატარებს. მაგრამ განა ყველაფერი სამ კვირაში მოწესრიგდება? განა ეს საკმარისი იქნება? ჩვენ ამაში დარწმუნებული არ ვართ“, - აღიარა ნარკობანდის მსხვერპლის დედამ, კარიმა მესიენმა.

ფენტანილი ევროპაში მზარდი პრობლემა ხდება . ადგილობრივი მოსახლეობა მსგავსი ოპერაციის მომსწრე არაერთხელ გამხდარა.

„ჩვენს უბნებში დახოცილი ადამიანების მკვლელთა ციხეში გაშვება საგამოძიებო ინსტიტუტებში უზარმაზარ ინვესტიციებს მოითხოვს“, - ამბობს დეპუტატი მარსელიდან, სებასტიან დელოგუ.

წყარო: 1 არხი