საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი 2027 წლის 1-ელი იანვრიდან გაორმაგდება და 100 000 ლარს შეადგენს. შესაბამისი გადაწყვეტილება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ მიიღო.
ამჟამად ფიზიკური და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარით არის განსაზღვრული.
„სამეთვალყურეო საბჭომ იმსჯელა და მხარი დაუჭირა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს გადაწყვეტილებას სადაზღვევო ზღვრის გაზრდის თაობაზე, რომლის თანახმად, 2027 წლის პირველი იანვრიდან ფიზიკური და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის ოდენობა 100 000 ლარამდე გაიზრდება“, — ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს. თავდაპირველად დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 5 000 ლარით განისაზღვრა.
მას შემდეგ დაზღვევის ზღვარი რამდენჯერმე გაიზარდა. ბოლო ცვლილების შედეგად, 2025 წლის აპრილიდან დეპოზიტების დაზღვევის მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარამდე გაიზარდა.
ახალი გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ, 2027 წლის იანვრიდან, დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი მოქმედ მაჩვენებელთან შედარებით 100%-ით, ანუ ორჯერ გაიზრდება.