მაროკოს პროკურატურამ სეუტაში მიგრანტების მასობრივი გადასვლის საქმეზე 86 ადამიანს წაუყენა ბრალი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდებები მოიცავს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებას, მგზავრთა ლიცენზიის გარეშე გადაყვანას, სავიზო რეჟიმის დარღვევას, სამართალდამცველების შეურაცხყოფასა, მათზე თავდასხმას და სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანებას.
მანამდე მაროკოს მთავრობამ უარყო, რომ კრიზისის დროს რაიმე „ზეწოლას ან შანტაჟს“ დაემორჩილა. ამასთან, ხელისუფლებამ იმედგაცრუება გამოხატა რამდენიმე ევროპელი ლიდერის რეაქციის გამო და ისინი დაადანაშაულა მიგრაციული კრიზისის შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობაში.
„ევრონიუსის“ ცნობით, მაროკოს დიპლომატიურმა წყაროებმა ასევე უარყვეს ბრალდებები, რომ ქვეყანამ სასაზღვრო კონტროლი შეასუსტა. ესპანურ მედიასთან საუბრისას მათ განაცხადებით, ყველამ, ვინც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობს, იცის, რომ უკან, მაროკოში დააბრუნებენ და მაროკო მათ მიღებას უზრუნველყოფს. მათი თქმით, მაროკო ამ ვალდებულებას „წლების განმავლობაში“ ასრულებს.
ამასთან, მაროკოს ადამიანის უფლებათა ასოციაციის ინფორმაციით, ქალაქ ნადორში ხელისუფლებამ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან სავარაუდო კავშირის გამო 52 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ორგანიზაციის განცხადებით, 11 ახალგაზრდა ნადორის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის წინაშე წარდგა. კიდევ 41 პირი ნადორის პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაიყვანეს. ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში რჩება. ზოგიერთს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან.
ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში ათიათასობით მიგრანტმა სცადა მაროკოს ტერიტორიიდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში შეღწევა. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში უკანონოდ დაახლოებით 60 ათასი ადამიანი შევიდა. სეუტაში განვითარებული მიგრაციული კრიზისის შედეგად 88 ადამიანი დაიღუპა.