აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაფართოებული „სავიზო დეპოზიტის“ პროგრამა, რომელშიც საქართველო 2026 წლის მარტში შეიყვანეს, მუდმივი გახდა.
საქართველო ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც აღნიშნული პროგრამის მოთხოვნას ექვემდებარება.
ახალი წესის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც B1/B2 ტიპის არასაემიგრაციო ვიზა დაუმტკიცდება, 10 000, 15 000 ან 20 000 აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა მოუწევს. თანხა სრულად დაუბრუნდება ვიზის მფლობელს იმ შემთხვევაში, თუ ის აშშ-ს ვიზით განსაზღვრულ ვადაში დატოვებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ მარტში გამოეხმაურა. უწყების განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნა უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს.
„მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-ის „სავიზო დეპოზიტის“ პროგრამა, საქართველოს გარდა, ვრცელდება კიდევ ათეულობით ქვეყანაზე, მათ შორის: ალჟირზე, ანგოლაზე, ბანგლადეშზე, კამბოჯაზე, კუბაზე, ეთიოპიაზე, ყირგიზეთზე, მონღოლეთზე, ნიგერიაზე, ტაჯიკეთზე, თურქმენეთზე, უგანდაზე, ვენესუელასა და სხვა სახელმწიფოებზე.