აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა. ამის შესახებ მარკო რუბიომ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა სახელმწიფო მდივანს უთხრა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი და მარკო რუბიოს ჰკითხა, ფიქრობდა თუ არა ის საწინააღმდეგოდ.
„დიახ, რადგან თქვენ მხოლოდ დასასრული იხილეთ. თქვენ ნახეთ, რა მოხდა დღეს. თქვენ არ იცით ყველაფერი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, ასე რომ, ნება მიბოძეთ, განვმარტო. პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო, მან ამაზე კამპანია აწარმოა. ის ფიქრობს, რომ ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო. მას სჯერა – და მე ვეთანხმები – ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს არასდროს მოხდებოდა. ახლა ჩვენ აქ ვართ. ის ცდილობს, ეს კონფლიქტი დაასრულოს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვმარტეთ, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი გეგმა, კერძოდ, ჩვენ გვსურს, რუსები მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსვათ. ჩვენ გვინდა, გამოვიკვლიოთ, არის თუ არა მშვიდობა შესაძლებელი. მათ ეს ესმით. მათ ასევე ესმით, რომ ის შეთანხმება, რომელიც დღეს უნდა გაფორმებულიყო, უნდა ყოფილიყო შეთანხმება, რომელიც ამერიკას ეკონომიკურად უკრაინასთან დააკავშირებდა, რაც, ჩემთვის, როგორც მე ავხსენი – და ვფიქრობ, ამაზე დღეს პრეზიდენტმაც მიანიშნა – არის უსაფრთხოების გარანტია, რადგან ჩვენ ვართ ჩართული; ეს ჩვენ ვართ, ჩვენი ინტერესები. ეს ყველაფერი იყო განმარტებული. ეს იყო გაგებული. ამის მიუხედავად, ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინელებთან ჩვენს ურთიერთობაში იყო სირთულეები ამ აზრის მიტანასთან დაკავშირებით, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებში. თუმცა მათ მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა. ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა ხუთი დღის წინ შეიძლებოდა, თუმცა მათ მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა და უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიოდ გაცნობიერებული: ნუ ჩამოხვალთ აქ და ნუ შექმნით სცენარს, სადაც თქვენ დაიწყებთ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ იმუშავებს დიპლომატია. პრეზიდენტი ზელენსკი ამ მიმართულებით წავიდა და საბოლოოდ ეს დასრულდა მოსალოდნელი შედეგით. სამწუხაროა. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არის გზა, რომელიც მან აირჩია და გულწრფელად ვფიქრობ, ეს მის ქვეყანას აშორებს მშვიდობის მიღწევისგან. რაც საბოლოოდ პრეზიდენტს ტრამპს სურს, ეს არის ამ ომის დასრულება“, – განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ ეს შეხვედრა თავისთვის ფიასკოდ აქცია და ასევე იმის გამოც, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დრო გაფლანგა იმ შეხვედრისთვის, რომელიც დასრულდა ისე, როგორც დასრულდა.
„ის არ უნდა შესულიყო იქ და გამხდარიყო ანტაგონისტი. ყველაფერი ლიანდაგებიდან გადავიდა, როდესაც მან ვიცე-პრეზიდენტს უთხრა: ნება მომეცით, დაგისვათ შეკითხვა, რა დიპლომატიაზე მესაუბრებით?“ – თქვა რუბიომ.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პუტინის ნდობა ასეთ მოლაპარაკებებში, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მთელი თავისი ცხოვრება დებდა გარიგებებს და არ აპირებს ისეთი გარიგების დადებას, რომელიც ნამდვილი არ იქნება.
„მე გუშინ იქ ვიყავი, როდესაც პრეზიდენტმა მედიასთან თქვა, რომ ჩვენი მიდგომა იქნება: ენდე, მაგრამ გადაამოწმე. პრეზიდენტი ტრამპი გარიგებებს დებდა მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში, ის არ აპირებს, იყოს ჩათრეული რაღაც გარიგებაში, რომელიც არ არის რეალური გარიგება. ჩვენ ყველას გვესმის ეს. ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ, შესაძლებელია თუ არა მშვიდობა. სხვაგვარად როგორ დასრულდება ეს ომი? მე კითხვას ვსვამ: რა არის ევროპული გეგმა ამ ომის დასასრულებლად? მე შემიძლია, გითხრათ, რა მითხრა ერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მე არ დავასახელებ, ვინ იყო ის, თუმცა მან მითხრა, რომ ომი გაგრძელდება კიდევ ერთ წელს და მაშინ რუსეთი იქნება ისეთი დასუსტებული, რომ მშვიდობას შეგვეხვეწება. ეს არის მკვლელობის, გარდაცვალების, განადგურების კიდევ ერთი წელი და, ჩემი აზრით, არ არის ძალიან რეალისტური გეგმა“, – თქვა რუბიომ.
წყარო: 1tv.ge