ავიაკომპანია Lufthansa-ს აღმასრულებელი დირექტორი იენს რიტერი გერმანიის რამდენიმე ქალაქიდან ფრენების შეწყვეტით იმუქრება, მათ შორის: ბრემენი, დრეზდენი, კიოლნი, ლაიფციგი, მიუნსტერი, ნიურნბერგი და შტუტგარტი. განცხადება მენეჯერმა Funke Media Group-თან გააკეთა.

რიტერის თქმით, თუკი ფრენები წამგებიანი გახდება, კომპანია იძულებული იქნება, მარშრუტები შეამციროს და თვითმფრინავები სხვაგან გადაანაწილოს. ამის მიზეზი კი გერმანიის მთავრობის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტია, რომელიც რიტერმა მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, მიუხედავად გაზრდილი ხარჯებისა, ბიუჯეტის პროექტი არ ითვალისწინებს გერმანიიდან ფრენებზე რაიმე სახის შეღავათს.

Lufthansa-ს ხელმძღვანელის განცხადებით, ეს ეწინააღმდეგება CDU/CSU-სა და SPD-ის კოალიციურ შეთანხმებას, სადაც ნათქვამია, რომ მხარეები შეამცირებენ საჰაერო ტრანსპორტზე დაწესებულ გადასახადებსა და მოსაკრებლებს. თუმცა, შეთანხმების ყველა ღონისძიება დაფინანსებაზეა დამოკიდებული.

გერმანიაში საჰაერო ტრანსპორტის ხარჯები, მათ შორის გადასახადები და მოსაკრებლები, შედარებით მაღალია. სამინისტროს მონაცემებით, ეს ხარჯები 2019-დან 2024 წლამდე 38%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ევროპაში საშუალო ზრდა 26%-ს შეადგენს.

წყარო: avianews.ge