ლიეტუვის სეიმის სპიკერი საულიუს სკვერნიალისი აცხადებს, რომ ყირიმის რუსეთის ნაწილად შესაძლო აღიარება საერთაშორისო წესრიგისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ ლიეტუვური მედია წერს.
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულმა მსოფლიო წესრიგმა დაადგინა საზღვრების ურღვევობის პრინციპი და იქმნება იმის პრეცედენტი, რომ ის დაირღვევა. მაშინ ევროპაში, შესაძლოა, ტერიტორიული პრეტენზიები სხვადასხვა გზით იქნეს წარდგენილი“, – განაცხადა სეიმის სპიკერმა.
ლიეტუველი პოლიტიკოსის თქმით, ალბათ არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც წარსულში არ ჰქონია ტერიტორიული კონფლიქტი მეზობელთან.
სკვერნიალისის განცხადებით, ყველაზე ცუდი იქნებოდა, ასეთი პრეცედენტი ძალის არგუმენტით რომ შექმნილიყო.
„მე ის დავიპყარი და საერთაშორისო საზოგადოება ამას აღიარებს. ეს დაუშვებელია, ეს ნამდვილად საშიში მომენტია, რომელმაც შესაძლოა, მრავალი რეგიონული კონფლიქტი გამოიწვიოს“, – განაცხადა ლიეტუვის პარლამენტის სპიკერმა.
მანამდე ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ თქვა, რომ ყირიმზე რუსეთის კონტროლის შესაძლო დე იურე აღიარება გახდება „ნელი მოქმედების ბომბი“.
შეგახსენებთ, რომ, საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული წინადადებები ითვალისწინებს ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას.
წყარო: 1tv.ge