უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი იარაღი, რათა ოკუპირებულ ყირიმზე კონტროლი აღადგინოს, თუმცა მსოფლიოს რუსეთზე ზეწოლის საშუალებები აქვს, რათა ტერიტორიული საკითხები განიხილებოდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ რეპორტიორებთან საუბრისას ილაპარაკა.

ზელენსკის თქმით, "ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპს, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი იარაღი ყირიმის ნახევარკუნძულზე" კონტროლის აღსადგენად, თუმცა მსოფლიოს სხვა ქვეყნებს აქვთ სანქციების დაწესების, ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლის შესაძლებლობა, "რათა ამაზე ვილაპარაკოთ, განვიხილოთ ტერიტორიული საკითხები, მაგრამ მხოლოდ უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ".

"რასაც პრეზიდენტი ტრამპი ლაპარაკობს, მართალია. ვეთანხმები მას, რომ ჩვენ დღეს საკმარისი იარაღი არ გვაქვს. სწორედ რომ იარაღი და არა ადამიანები, რადგან ჩვენი ხალხი - ეს მთავარია, უმთავრესია, მაგრამ იმის თქმა, რომ არმია არ გვყავს, ეს არ არის სიმართლე". - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკი ასევე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ყირიმი რუსეთის დარჩება და განაცხადა, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს იურიდიულად არასდროს არ აღიარებს.

"ჩვენი პოზიცია უცვლელია: მხოლოდ უკრაინელ ერს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, რომელი ტერიტორიები არის უკრაინის ნაწილი, ხოლო უკრაინის კონსტიტუცია წყვეტს, რომ ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია - ისინი დორებით არის ოკუპირებული, ყველა მათგანი უკრაინას, უკრაინელ ერს ეკუთვნის. უკრაინა არ აპირებს, რომ ნებისმიერი დროებით ოკუპირებული ტერიტორია იურიდიულად აღიაროს". - თქვა ზელენსკიმ.

25 აპრილს, ტრამპმა დაწერა, რომ ყირიმი რუსეთს დარჩება და ეს ზელენსკის ესმის. მისივე თქმით, "ყირიმი ობამამ დათმო", ხოლო მის დროს ეს არ მოხდებოდა.

ცნობისთვის, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირაში პარიზში უკრაინასთან და ევროპელ მოკავშირეებთან გამართულ შეხვედრაზე ტრამპის გუნდი გამოვიდა წინადადებით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, აშშ-მ რუსეთის მიერ 2014 წელს ოკუპირებული უკრაინული რეგიონი, ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს, ხოლო მიმდინარე ომის ფრონტის ხაზი გაიყინოს.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრავალჯერ განუცხადებია, რომ კიევი ნახევარკუნძულს მოსკოვს არ გადასცემს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 აპრილს ზელენსკის საპასუხოდ Truth Social-ზე დაწერა, რომ "ზელენსკის არავინ სთხოვს ყირიმის აღიარებას" და მისი განცხადებები "რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დამაზიანებელია".

რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დღეს, 25 აპრილს მოსკოვში ჩავიდა. უიტკოფი უკრაინის საკითხზე სალაპარაკოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. 

წყარო: tabula.ge