ლე პენს ემუქრება განაჩენი, რომელმაც, შესაძლოა, მისი საპრეზიდენტო იმედები დაასამაროს
ორშაბათს, 31 მარტს, საფრანგეთის სასამართლო გამოიტანს განაჩენს ულტრამემარჯვენე ლიდერის, მარინ ლე პენის საქმეზე, რომელიც ევროპარლამენტიდან მიღებული ფინანსებით ყალბი სამუშაო ადგილების სავარაუდო შექმნის სქემას შეეხება. სასამართლოს ვერდიქტმა 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობას, შესაძლოა, წერტილი დაუსვას. ლე პენი, რომელიც სამჯერ იყო საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და მიიჩნევს, რომ 2027 წელს საფრანგეთის პრეზიდენტობის მოპოვების საუკეთესო შანსი აქვს, დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს. თუმცა, პროკურორებმა ამ საქმეზე, რომელშიც „ეროვნული გაერთიანების“ (RN) სხვა მაღალჩინოსნებიც ფიგურირებენ, სასამართლოს სთხოვეს, ლე პენს პატიმრობა მიუსაჯოს და საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალოს. ეს უკანასკნელი ძალაში იმ შემთხვევაშიც კი შევა, თუ ლე პენი სასამართლოს ვერდიქტს გაასაჩივრებს, რაც ნიშნავს, რომ ფრანგი ულტრამემარჯვენეების ლიდერს საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნა ემუქრება.
მას შემდეგ, რაც მისმა „ეროვნული გაერთიანებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ყველა სხვა პარტიაზე მეტი ხმა მიიღო, ლე პენი მიიჩნევს, რომ დადგა დრო, მიგრაციის პრობლემებითა და ცხოვრების გაძვირებით გამოწვეული საზოგადოების შეშფოთების ფონზე, 2027 წელს ელისეის სასახლე დაიკავოს. უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებით, მან გასულ წელს ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მიშელ ბარნიეს მთავრობის დამხობაში, რაც ლე პენის გავლენას ადასტურებს. 2027 წელს წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ის შეიძლება შეუერთდეს მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე მმართველების მზარდ რიცხვს მსოფლიოში, იტალიელი ჯორჯია მელონით დაწყებული და უნგრელი ვიქტორ ორბანით დამთავრებული. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მარინ ლე პენის იმედებს წერტილს დაუსვამს, კულისებიდან სცენაზე გამოსასვლელად მზად არის მისი პროტეჟე და პარტიის 29 წლის ლიდერი, ჯორდან ბარდელა, რომლის მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს. თუმცა, თვით პარტიის შიგნითაც კი არსებობს ეჭვები, აქვს თუ არა ამ უკანასკნელს საპრეზიდენტო კამპანიისთვის საკმარისი გამოცდილება.
ლე პენი 2011 წელს სათავეში ჩაუდგა მაშინდელ „ნაციონალურ ფრონტს“ (FN) და სწრაფი ნაბიჯები გადადგა პარტიის ელექტორალური ძალის გაძლიერებისა და მამისა და FN-ის თანადამფუძნებლის, ჟან-მარი ლე პენის მემკვიდრეობისგან გათავისუფლების მიმართულებით, რომელიც ამ წლის დასაწყისში გარდაიცვალა. მარინმა პარტიას სახელი შეუცვალა, მას „ეროვნული გაერთიანება“ უწოდა და დაიწყო პოლიტიკის გატარება, რომელიც ცნობილია როგორც „დედიაბოლიზაცია“ („dediabolisation“), რაც დემონიზაციისგან განთავისუფლებას ნიშნავს. პარტიის დეკლარირებული მიზანი გახდა უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად გაჩაღებულ ბრძოლებში კონკურენტუნარიან პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება.
„პოლიტიკური სიკვდილი“
ლე პენის გარდა, სასამართლოს წინაშე მისი თანაპარტიელებიც წარდგებიან. RN-ს ემუქრება 4.3 მილიონი ევროს ($4.6 მილიონი) ოდენობის ჯარიმის გადახდა, თუმცა, ამ თანხის ნახევარზე ნაკლები პირობითი იქნება. სასამართლოს წინაშე სულ 24 ადამიანი წარდგება, მათ შორის - ევროპარლამენტის ცხრა ყოფილი წევრი და მათი 12 საპარლამენტო ასისტენტი. გასულ წელს პროკურორებმა მოითხოვეს ლე პენისთვის ხუთწლიანი მსჯავრი (სამწლიანი პირობითი სასჯელი და ორწლინი შინაპატიმრობა, ელექტრონული სამაჯურის ტარებით), აგრეთვე 300 000 ევროს ($324,000) ოდენობის ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ხუთწლიანი აკრძალვა.
ექსპერტებიც კი გააოცა პროკურორების მოთხოვნამ, რომ თანამდებობის დაკავების აკრძალვა აპელაციის განხილვის პერიოდზეც გავრცელდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი, შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს. ამ მოთხოვის დაყენებამდე, ლე პენი მტკიცედ იყო იმაში დარწმუნებული, რომ ნებისმიერი აპელაცია მის პოლიტიკურ კარიერას გადაარჩენდა, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდებოდა სასამართლო განხილვა. „ვფიქრობ, პროკურორების მიზანია, ფრანგ ხალხს წაართვას იმ ძალისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა, რომელიც მათ მოსწონთ“, - განაცხადა შოკირებულმა ლე პენმა პროკურორების მოთხოვნების გამოცხადების შემდეგ და დასძინა: „ისინი ჩემს პოლიტიკურ სიკვდილს ცდილობენ“. თუმცა პროკურორები ამტკიცებენ, რომ „ეროვნული გაერთიანების“ არანაირი „შევიწროება“ არ მომხდარა.
პროკურორები ლე პენის პარტიას ადანაშაულებენ ფინანსური წნეხის შემსუბუქებაში იმით, რომ ევროპარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილი ყოველთვიური 21 000 ევროს ოდენობის თანხა „ფიქტიური“ საპარლამენტო ასისტენტების დასაქირავებლად გამოიყენა, რომლებიც, სინამდვილეში, პარტიისთვის მუშაობდნენ. პროკურორები სავარაუდო თაღლითობას უწოდებენ „უპრეცედენტოს“, როგორც მისი ხანგრძლივობიდან (2004-დან 2016 წლამდე) გამომდინარე, ასევე მასშტაბის გათვალისწინებით (დაახლოებით 4.5 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი). პროკურორების მტკიცებით, დანაშაულის „ორგანიზებული“ ხასიათი მას შემდეგ „გაძლიერდა“, რაც მარინ ლე პენი 2011 წელს პარტიის ლიდერი გახდა.
საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტურები ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოკვეთილი. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აღარ აქვს კენჭისყრის უფლება და ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ იქნება მის შესაცვლელად ყველაზე ძლიერი კანდიდატი ცენტრისტული და ტრადიციული მემარჯვენე ძალებიდან. ერთ-ერთმა შესაძლო პრეტენდენტმა, გავლენიანმა იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა მისი პოტენციური მეტოქის დისკვალიფიკაციის პერსპექტივის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. „ღრმად შემაშფოთებელი იქნება, თუ ლე პენს კენჭისყრის უფლება არ მიეცემა“, - განაცხადა მან გასული წლის ნოემბერში, როდესაც დარმანენი ჯერ კიდევ პარლამენტის რიგითი წევრი იყო.
წყარო: 1tv.ge