საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2008 წლამდე დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების პროექტი 2028 წლამდე გახანგრძლივდება. პარლამენტმა ანალოგიური ნორმა პირველად 2015 წელს მიიღო და მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაახანგრძლივა.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში დეველოპერული კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა, ბესო ორთოიძემ განაცხადა, ყოველ გადავადებაზე, დიდი ალბათობით, ესა თუ ის პროექტი სრულდება, რასაც ხელს უწყობს ეს შეღავათიც.
„სანამ იარსებებს აღნიშნულ პერიოდში გაჩერებული დაუსრულებელი მშენებლობები, ლოგიკურია, რომ შეღავათები არსებობდეს. უცნაურს ამაში ვერაფერს ვხედავ. თუმცა, მარტო გადავადება რომ იყოს მშენებლობის დასრულების ფაქტორი, აქამდე ყველა ეს ობიექტი დასრულდებოდა. ყველა გაჩერებული ობიექტი ინდივიდუალურია. შესაბამისად, ზოგს გარკვეული დამატებითი ინვესტიცია სჭირდება, ზოგან სამართლებრივი საკითხებია მოსაგვარებელი. მხოლოდ გადავადება რომ არ არის საკმარისი, ფაქტი სახეზეა“, - ამბობს ბესო ორთოიძე.