აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც რუსეთთან საქმიანი ურთიერთობა, მათ შორის, ეკონომიკური ექნება.
მისი თქმით, შესაძლოა, ამ სიას ირანიც დაემატოს.
„რესპუბლიკელები იღებენ კანონპროექტს, რომელიც ძალიან მკაცრია. ეს არის სანქციების დაწესება ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთთან საქმიან ურთიერთობას აწარმოებს. მათ, შეიძლება, ირანიც დაამატონ. მე მათ ეს შევთავაზე. ასე რომ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან საქმიან ურთიერთობას აწარმოებს, ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც „როიტერი“ წერს, ზოგიერთი ამერიკელი სენატორი კვლავ ცდილობს, ტრამპის მაგიდასთან წარადგინოს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტი. მათივე ცნობით, კანონპროექტი ტარიფებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ და სანქციებს დაუწესებს საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთან საქმიან ურთიერთობებს დაამყარებენ.